თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულების მტკიცებულებები არ არსებობს, განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები რუსების წინააღმდეგ ქსენოფობიურ კამპანიაში დაადანაშაულა, ამის პარალელურად კი ნინო ლომჯარიას დაგვიანებულ რეაგირებაში დასდო ბრალი.
„ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები, ვერ დავადასტურებ. ჩვენ არაპოპულარულ თემებზე განცხადებების გაკეთება არასოდეს მოგვრიდებია, თუმცა ნამდვილად არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ქსენოფობია არის“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, ქსენოფობია, მით უფრო, აგრესია ან ფიზიკური დაპირისპირება უცხოელების მიმართ მიუღებელია. მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევებზე სახალხო დამცველის აპარატი ყოველთვის რეაგირებდა.
მან აღნიშნა, რომ თუ კობახიძეს აქვს კონკრეტული ფაქტები, მაშინ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს და ის შეისწავლის საქმეს.
ამასთან, ლომჯარიას ბუნებრივად მიაჩნია საქართველოს მოქალაქეების ნეგატიური განწყობა რუსების მიმართ. მაგრამ ამან უკანონო ფორმები არ უნდა მიიღოს, აღნიშნა მან.
„თუ ასეთი საშიშროება დავინახეთ, ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიულ საქართველოს“ ლიდერმა პარასკევს ლომჯარია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის თავის პირდაპირ მოვალეობებს სათანადოდ არ ასრულებს. მაგალითად, როდესაც ოპოზიციამ მარტში ქსენოფობიური კამპანია წამოიწყო რუსების წინააღმდეგ, მან განცხადება მხოლოდ 10 დღის შემდეგ გააკეთა, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ლომჯარია უფრო პოლიტიკოსივით იქცევა, ვიდრე სახალხო დამცველივით.