თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენიებელ სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა პოლიტიკოსები მივიდნენ.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდის შემდეგ მფრინავებსა და მაშველებს სხვადასხვა, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს მოსახლეობას მომხდარი ტრაგედია მიუსამძიმრა.
„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს საზოგადოებას, ეს არის ჩვენი ტრაგედია, როდესაც საჯარო მოხელე ეწირება სხვისი სიცოცხლის გადარჩენას, ამას საზოგადოებამ თავისუფლად შეიძლება მიანიჭოს გმირობის კვალიფიკაცია", – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და გამძლეობა უსურვა.
„დღევანდელი დღე არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. დაღუპულია რვა ადამიანი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გაიღეს. მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუსურვო დიდი გამძლეობა", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმაც.
„ძალიან კარგი ადამიანები, პროფესიონალი თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, გმირები დავკარგეთ, რომლებიც მუდმივად ორიენტირებული და კონცენტრირებული იყვნენ მოვალეობის შესრულებაზე. ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი დანაკლისია", – განაცხადა მუსელიანმა.
საქართველს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები დაჯილდოვდნენ მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის".
ტრაგედია გუდაურის მთებში
ოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ავიაკატასტროფის შედეგად რვავე მათგანი დაიღუპა.
რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. იგი ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
ამ დროისათვის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის ასახელებენ ტექნიკურ გაუმართაობას. ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.