თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ეს მარტივი ტაქტიკური მანევრია, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ გათქვა – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტის ადვოკატის განცხადება მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან და „ნაცმოძრაობიდან“ წასვლის შესახებ დაცვის სტრატეგიაა.
„ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ რეალურად გათქვა ტაქტიკა, რომელიც აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა, აღარც საუბრობს ამაზე. არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მელიას კომენტარები მეტყველებს იმაზე, რომ „ნაცმოძრაობის“ შიგნით პოლარიზაციაა.
„საინტერესო ისაა, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაციაა „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ქართული საზოგადოება უკვე დაიღალა სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის თემით.
„საქართველოში არის 9.500 პატიმარი, 9.500 პატიმარი იხდის სასჯელს და ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საზოგადოება დაღალეს უკვე ამ უაზრო საუბრით ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა 30 ივლისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
სააკაშვილი, რომელიც სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის, სამოქალაქო კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ოჯახი, ადვოკატები და თანამებრძოლები მისი მკურნალობით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.
სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელ უწყებებში, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადეს, რომ მას პროფესიონალები მკურნალობენ და მისი საზღვარგარეთ გადაყვანის არანაირი აუცილებლობა არ არის.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.