თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის ხელფასები გაიზარდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
„ჩვენს მართვაში არსებულ კლინიკებში მოხდება მინიმალური სახელფასო ანაზღაურების გაზრდა სამედიცინო პერსონალისთვის. რაც შეეხება 17 ამბულატორიას ქვეყნის მასშტაბით, მათ ასევე მნიშვნელოვნად გაეზარდათ ანაზღაურება. ანაზღაურების ზრდა მთლიანად დაახლოებით 1.000 ადამიანს შეეხება და ის საშუალოდ არის 50%-ის ფარგლებში, თუმცა ცალკე აღებული პოზიციებისთვის სხვადასხვაა“, – თქვა აზარაშვილმა ბრიფინგზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექთნების შემთხვევაში მათი ანაზღაურება 100%-ით გაიზარდა და გაორმაგებულ ანაზღაურებას ისინი 1 აგვისტოდან მიიღებენ.
„ეს არის ის მინიმუმი, რაც შეუძლია სახელმწიფოს მათი დაფინანსების ფარგლებში, და ის შესაძლებლობა, რაც შეგვეძლო სამედიცინო პერსონალისთვის გაგვეკეთებინა 1 აგვისტოდან. ვფიქრობ, ღირსეულ, ადეკვატურ ანაზღაურებამდე კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი, მაგრამ ეს არის ის, რაც დღეისათვის გავაკეთეთ“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კლინიკებში ხელფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთ კერძო კლინიკაში.
საქართველოში ექთნის საშუალო ხელფასი თვეში 300-დან 600 ლარამდეა, იმისდა მიხედვით, თუ სად და რამდენ ხანს მუშაობს. რეანიმაციულ განყოფილებაში და საოპერაციო განყოფილებაში ხელფასი უფრო მაღალია, ხოლო ჩვეულებრივი თერაპიული განყოფილების ექთნის ხელფასი 300 ლარიდან იწყება.
ექიმებს რაც შეეხება, მათი ხელფასი თვეში 1,5-დან 2-3 ათას ლარამდე მერყეობს, ის ასევე დამოკიდებულია სამუშაო ადგილსა და დატვირთულ გრაფიკზე.