ივანიშვილი Credit Suisse-ის შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ - ადვოკატი სასამართლოს შესახებ

ივანიშვილის ადვოკატმა Credit Suisse-ის შერყეულ ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც არაერთი სკანდალის ცენტრშია მოქცეული.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ეს უბრალო ტაქტიკურ წარმატებაზე მეტია, განაცხადა საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა ბერმუდის კუნძულების სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც შვეიცარიულ სადაზღვევო კომპანია Credit Suisse Life-ს დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა დაავალდებულა.
გადაწყვეტილება მარტში მიღებულ დადგენილებას მოჰყვა, რომლის თანახმად CS Life პასუხისმგებელია ანგარიშების არასათანადო მართვაში და ასევე იმაში, რომ არ აღკვეთა თაღლითობა. Credit Suisse-ის ანგარიშებზე, რომლებიც ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის, საერთო დანაკარგები 1,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.

„რაც შეეხება ბერმუდის გადაწყვეტილებას, რით გამოირჩევა 25 ივლისის დადგენილება – მოგეხსენებათ, რომ მარტში იმავე სასამართლომ მოპასუხე მხარეს დააკისრა 607.350.000 დოლარის გადახდა. მაგრამ ჰაერში გამოკიდებული იყო ის, თუ როგორ მოხდებოდა ამ თანხის გადახდის აღსრულება“, – განაცხადა ყიფიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, მოპასუხემ გააცნობიერა, რომ მისი შუამდგომლობა, შეჩერებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება, უშედეგო იყო და სასამართლოს გარანტიის წარდგენა შესთავაზა.
„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ გარანტია იქნება მორიგი უსაფუძვლო დაპირება ბანკის მხრიდან, ისეთი, როგორიც არაერთგზის ყოფილა წარსულში, რომ ეს იქნებოდა ის ვალდებულება, რომელსაც ბანკი დაარღვევდა, როგორც არაერთ სხვა ვალდებულებას წარსულში. ეს განაპირობებდა ჩვენი მხრიდან, არც მეტი, არც ნაკლები, მორიგ დავაში შესვლას“, – განმარტა ყიფიანმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბანკი ამ მექანიზმს ძალიან ეჭიდებოდა, რათა ფული რეალურად არ გასულიყო ბანკიდან, მოსარჩელემ სასამართლოზე საკუთარი არგუმენტები წარადგინა.
ივანიშვილმა მოიგო სარჩელი Credit Suisse–ის წინააღმდეგ, მაგრამ ფულს ჯერ ვერ მიიღებს>>
„პირველი - რამდენად სარწმუნო იქნებოდა ეს ვალდებულება, და მეორე - ბანკის მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც არაერთ სკანდალშია გახვეული და რომლის ფინანსური მდგომარეობა ძალიან საორჭოფოა, ნებისმიერი ასეთი ვალდებულება საშუალოვადიან ან გრძელვადიან პერსპექტივაში, მანამ, სანამ ყველა სააპელაციო ინსტანცია არ იქნებოდა ამოწურული, ბუნებრივია, ჩვენ სიმყარისა და სიმტკიცის გრძნობას არ გვანიჭებდა“, – განაცხადა ყიფიანმა.
აქედან გამომდინარე, კონტრწინადადება იყო, რომ თანხის დეპონირება სპეციალურად განწესებულ ანგარიშზე მომხდარიყო.

„სასამართლომ დააკმაყოფილა ეს ჩვენი შუამდგომლობა და მივიჩნევთ, რომ ეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, რომლის ზომა და წონა მხოლოდ ტაქტიკური წარმატების მნიშვნელობას აღემატება“, – განაცხადა ყიფიანმა.

უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 42 დღის განმავლობაში Credit Suisse Life ვალდებულია 607,35 მილიონი დოლარი შვეიცარიის ერთ-ერთი ბანკის სპეციალურ, დამოუკიდებელ ანგარიშზე განათავსოს.
„ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მორიგი წნეხი, რომლის მარწუხებშიც ექცევა ბანკი და რომელმაც, როგორც წესი, ბანკის მხრიდან უნდა განაპირობოს მეტი შეთანხმების უნარიანობა“, – აღნიშნა ყიფიანმა.
ამავე დროს, სექტემბერში სინგაპურის სასამართლოში უნდა შედგეს ივანიშვილის სარჩელის განხილვა 800 მილიონ დოლარზე მეტი ზარალის შესახებ, რომელიც Credit Suisse-ის მიერ დანიშნული პირების ქმედებებმა გამოიწვია.
ივანიშვილის დავა
ივანიშვილის მიერ ინიცირებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ისა და მისი ქვედანაყოფების წინააღმდეგ მრავალი წელია მიმდინარეობს.
ერთ შემთხვევაში საუბარია თაღლითობის გამო ზარალის ანაზღაურებაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში – Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებული Green Vals Trust-ის სატრასტო ფონდების უარზე, რომ განახორციელოს 4 მარტიდან მოთხოვნილი გადახდები. ივანიშვილმა ტრასტზე სარჩელი მაისის დასაწყისში შეიტანა.
შვეიცარიულმა მედიამ ივანიშვილის მიმართ Credit Suisse-ის დარღვევები არ გამოაქვეყნა>>
რუსეთში თავისი აქტივების ორ ეტაპად გაყიდვის შემდეგ (2005 და 2011 წლებში) ივანიშვილმა მიღებული სახსრები ბანკში განათავსა. 755 მლნ დოლარის ოდენობის დეპოზიტი ივანიშვილმა Credit Suisse Life-ის ოფისში შეიტანა ბერმუდის კუნძულებზე. ეს შენატანი „სადაზღვევო პრემიის“ სახით იყო და მასზე შვეიცარიული ბანკი იყო პასუხისმგებელი.
ივანიშვილმა 2015 წელს აღმოაჩინა, რომ მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მლნ დოლარი გაქრა თაღლითური ოპერაციების შედეგად.
ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა.
Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე 2016 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ სხვა კლიენტების ანგარიშებიდან ფარულად ანაზღაურებდა დანაკარგს, რომელსაც მისი კლიენტები მისივე მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად განიცდიდნენ. თავად Credit Suisse ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა მენეჯერის მოქმედებების შესახებ.
Credit Suisse ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნით საკუთარ თავს აზიანებს: კობახიძე>>
2018 წელს ლესკოდრონს თაღლითობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წელს მან თავი მოიკლა.
რაც შეეხება სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს, მან ივანიშვილისთვის გადახდის დაყოვნების მიზეზად „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური ვითარება“ დაასახელა.

„ეს არის ის საკითხი, რომელიც 4 მარტიდან იწყება და უკავშირდება მეტად უჩვეულო მომიზეზებას „კრედიტ სუისის“ სტრუქტურის მხრიდან“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

მისი თქმით, ამ ფულს არაფერი აქვს საერთო ბერმუდის კუნძულებზე ამჟამად მიმდინარე დავასთან.
„ეს არის აბსოლუტურად სხვა აქტივები. მეტიც, ეს ის ფინანსური აქტივებია, რომელიც არ არის განთავსებულ „კრედიტ სუისში“, როგორც ბანკში, არამედ სხვა შვეიცარიულ ბანკშია განთავსებული. ერთადერთი, რაც გამოარჩევს ამ თანხას, არის ის, რომ მას „კრედიტ სუისის“ მიერ შექმნილი ტრასტი მართავს“, – განმარტა ყიფიანმა.
ივანიშვილი Credit Suisse-თან პრობლემებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს>>
Credit Suisse-მა 5 ივლისს ივანიშვილს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ და აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებამ ბანკს თითქოსდა გარკვეული ვალდებულებები დააკისრა, და სატრასტო ფონდი გადახდას აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.
ევროპარლამენტმა 9 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, მათ შორის, ლაპარაკია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე, სადაც ის ერთადერთ ოლიგარქად არის მოხსენებული, რომელსაც პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან. ევროპული საბჭოსთვის მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი იყო ინდივიდუალური სანქციების დაწესება ივანიშვილის წინააღმდეგ.