თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 2023 წლიდან რეფერენტული ფასწარმოქმნის დანერგვას გეგმავს – რეფორმა მედიკამენტებზე ფასების შემცირებას ისახავს მიზნად.
რეფორმის თანახმად, სახელმწიფო დაადგენს ფასის ზედა ზღვარს – რა ფასად შეიძლება წამლის გაყიდვა და მისი იმპორტი. რეფერენტული ფასები გავრცელდება ისეთ წამლებზე, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. ესაა ქრონიკული და ონკოლოგიური სამკურნალო პრეპარატები. მომავალში სიის გაზრდა იგეგმება.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელის ნანა შაშიაშვილის თქმით, ეს რეფორმა მოქალაქეებს მედიკამენტებზე ხარჯებს შეუმცირებს.
„რეფერენტული ფასები ცალსახად იქითკენაა მიმართული, რომ ჯანდაცვის ხარჯების შემცირება მნიშვნელოვნად მოხდება, მათ შორის, სამკურნალო საშუალებებზე ხარჯების შემცირება. რეფერენტული ფასების პოლიტიკას ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა, ასევე არაწევრი ქვეყნები იყენებენ... დათვლილია, სხვა ქვეყნების შემთხვევაში როგორ იყო. მაგალითად, თურქეთის შემთხვევაში რეფერენტული ფასების შემოღებიდან მესამე წელს აღმოჩნდა, რომ მილიარდი დოლარი დაიზოგა“, – განაცხადა შაშიაშვილმა.
უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა წამლებზე ე.წ. რეფერენტული ფასების დანერგვის საკითხი მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან განიხილა. რეფერენტული ფასების დადგენა – ესაა პროდუქციის მწარმოებლის ფასების შედარება წარმოებულ ქვეყანასა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში, რომელსაც მარეგულირებელი ორგანო ატარებს.
ეს ამგვარად ხდება: ყველა მწარმოებელი ქვეყანაში არეგისტრირებს ფასს სამკურნალო საშუალებაზე, ხოლო სახელმწიფო რეგულატორს, შეადარებს რა ფასების დონეს სხვა ქვეყნებში არსებულ ფასებთან, შეუძლია ბაზარზე შემოტანის ფასის ზღვრის დადგენა და გამყიდველებისთვის ამ ფასის მომატების აკრძალვა.
წლის დასაწყისიდან საქართველოს მთავრობამ წამლებზე ფასების შემცირებისთვის თურქეთისთვის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. იანვრის შუა რიცხვებიდან საქართველოში თურქეთიდან 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი შემოვიდა. შედეგად, ამ წამლებზე ფასები 60–80 პროცენტით შემცირდა.