მიმდინარე წლის პირველი ნახევარი გაილია. არსებული გარე თუ შიდა ფაქტორების გათვალისწიებით, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური სისტემის მთავარ გამოწვევად მაღალი ინფლაცია რჩება. განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის ყველა მიმართულებით ფასების საგრძნობლად ზრდის გამომწვევ მიზეზებზე ბევრჯერ მისაუბრია და ამჯერად დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. მოკლედ შეგახსენებთ, ჯერ იყო COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისი და, შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა თუ საწვავის გაძვირება. მართალია, შემდეგ მსოფლიო COVID-19-ის პანდემიას თანდათან გაუმკლავდა, მასთან თანაცხოვრების რეჟიმში გადავიდა და ეკონომიკური რეცესიის დაძლევასაც შეუდგა, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირებამ გაამწვავა. რუსეთისთვის დაწესებულმა საფინანსო და ეკონომიკურმა სანქციებმა მსოფლიო ბაზრებზე ასახვა მყისიერად ჰპოვა.
ეს ხომ უკვე ვიცით, შენ ის თქვი, რა იქნება უახლოეს მომავალში, კიდევ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ფასების რეკორდული ზრდა და როგორ განვითარდება ინფლაციური პროცესები? − დაინტერესდება მკითხველი. შეკითხვა ლეგიტიმურია, თუმცა მასზე პასუხის გაცემა პროგნოზირებას მოიაზრებს, რაც, ნათქვამია, უმადური საქმეაო და გავეშვები. მაგრამ პროგნოზებისგან თავის შეკავება ყველას როდი ეხება. მეტიც, ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში მოვლენათა შესაძლო განვითარების პროგნოზირება, მთავრობის ეკონომიკური პროფილის სხვა უწყებებთან ერთად, ეროვნული ბანკის მოვალეობაც არის.
სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, კობა გვენეტაძის უწყება ამ მოვალეობას თავს ართმევს – პერიოდულად სხვადასხვა მიმართულებით საკუთარ ვარაუდებს გვაცნობს. სხვა საკითხია, რამდენად მართლდება ხოლმე ეროვნული ბანკის პროგნოზი. ასეა თუ ისე, ეროვნულმა ბანკმა ტრადიციას არ უღალატა და ამჯერად მაკროეკონომიკური პროგნოზის საბაზო, პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარები გამოაქვეყნა. საინტერესოა, როგორია კობა გვენეტაძის უწყების მოლოდინები. თანმიმდევრულად მივყვეთ.
საბანკო სისტემის მთავარი მარეგულირებლის საბაზო სცენარით, მიმდინარე წელს წლიური ინფლაცია 9,5 პროცენტი იქნება. ინფლაციური წნეხის შესუსტება მონეტარულ პოლიტიკაზე პოზიტიურად აისახება და წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 10,5 პროცენტამდე შემცირდება.
ეროვნული ბანკის საპროგნოზო გათვლებში ცვლადების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების ხანგრძლივობა და მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების შესაძლო ქმედებებია.
„საბაზო სცენარში მიმდინარე წელს მაღალი დაკრედიტების შედეგად გაზრდილი შიდა მოთხოვნის ფონზე ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ხანგრძლივად შენარჩუნებისა და მსოფლიო მიწოდების ჯაჭვების შესუსტების შედეგად წარმოშობილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ რეჟიმში შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნდება“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
პესიმისტური სცენარით, მიმდინარე წელს წლიური ინფლაცია 11 პროცენტი იქნება. შესაბამისად, საბაზისო სცენარისგან განსხვავებით, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება და რეფინანსირების განაკვეთი 11 პროცენტიდან 12 პროცენტამდე გაიზრდება.
მოდი, უკეთესზე ვიფიქროთ − მომიწოდებს მკითხველი და, სავარაუდოდ, ჩამეძიება, როგორია ოპტიმისტური სცენარის პარამეტრები? არ მიკვირს, ადამიანის ბუნება ასეთია, მას ხომ იმის მოსმენა სურს, რაც მეტად მოეწონება და მისთვის სასურველია? კაცმა რომ თქვას, ამგვარი მიდგომა მხოლოდ საფინანსო-ეკონომიკურ თემატიკაზე როდი ვრცელდება.
სიტყვა გამიგრძელდა და ეროვნული ბანკის საპროგნოზო გათვლებს დავუბრუნდეთ. უწყების ოპტიმისტური სცენარით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ინფლაცია 9 პროცენტი იქნება, რეფინანსირების განაკვეთი კი 10 პროცენტამდე შემცირდება.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის უახლოესი სხდომა 2 აგვისტოს გაიმართება. საინტერესოა, უწყების მიერ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის ნაწილში წარმოდგენილი საპროგნოზო სცენარებიდან რომელი გამართლდება.
მოგეხსენებათ, მზარდი ინფლაციის შეჩერების ძირითადი საშუალება ეკონომიკური განვითარებაა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 14,4 პროცენტი, ხოლო პირველ ხუთ თვეში 11,2 პროცენტი შეადგინა, რაც ყველა, საგარეო თუ საშინაო ფაქტორის გათვალისწინებით, ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის. საინტერესოა, როგორი დინამიკა იქნება წლის განმავლობაში.
ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ასევე სამი შესაძლო სცენარი შემოგვთავაზა. საბაზისო სცენარით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,5 პროცენტი იქნება, რაც ამავე უწყების წინა პროგნოზზე 0,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ეროვნული ბანკის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ეს ცვლილება განპირობებულია მოსალოდნელი უცხოური ინვესტიციების შემცირებითა და წმინდა ექსპორტის გაუფასურებით. მთლიანობაში ეკონომიკის გაჯანსაღება კი ძირითადად ადგილობრივი მოთხოვნის ხარჯზე ხდება, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი დაკრედიტების მაღალი ტემპის შენარჩუნებას შეაქვს.
კობა გვენეტაძის უწყება პესიმისტური სცენარით ეკონომიკური ზრდის 3 პროცენტს, ხოლო ოპტიმისტური სცენარით – 6 პროცენტს ვარაუდობს.
ეკონომიკური ზრდის განსხვავებულ პარამეტრებს პროგნოზირებს საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალი“, რომელიც საბაზო სცენარით შემოიფარგლება. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვინაიდან ეკონომიკის ზრდის პირველი კვარტლის მაჩვენებლები მცირედით გაზრდილია, არსებული ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, შესაძლოა, 8 პროცენტიდან 10 პროცენტამდე გაიზარდოს.
როგორც „თიბისი კაპიტალი“ თავის ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის გაუმჯობესება ბოლო პერიოდში საგარეო ვაჭრობაში არსებული პოზიტიური დინამიკის, კერძოდ, ექსპორტის ზრდის შედეგია. აქვე ურიგო არ იქნება შეგახსენოთ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტი წლიური 43,3 პროცენტით გაიზარდა, რამაც, იმპორტის 35,7 პროცენტით ზრდის მიუხედავად, ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდოს შემცირებას.
რა თქმა უნდა, „თიბისი კაპიტალი“ არც ინფლაციას ივიწყებს. ანალიტიკური ჯგუფის შეფასებით, ინფლაციის მხრივ საყურადღებოა, რომ ფასების ზრდა კვლავ მაღალ დონეზეა, თუმცა მაისში შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა და, სავარაუდოდ, ეს პროცესი მომავალში გაგრძელდება.
სამსონ ხონელი