ივანიშვილი Credit Suisse-თან პრობლემებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე შედარებით დეტალურ განმარტებებს მისი ადვოკატი მომავალშიც გააკეთებს.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან პრობლემები და საქართველოში მიმდინარე მოვლენები ერთმანეთთან კავშირშია, თუმცა არ მინდა ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს მოვახვიო, ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
ივანიშვილი უჩივის როგორც უშუალოდ Credit Suisse-ს, ისე ამ ბანკის მიერ დაფუძნებულ სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს. პირველ შემთხვევაში საქმე ეხება თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარის გაქრობას, მეორე საქმე ეხება Green Vals Trust-ის უარს – გადაიხადოს ბენეფიციარების მიერ მოთხოვნილი თანხები.

„რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს“, – დაწერა ივანიშვილმა.

ექს-პრემიერის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ პრაქტიკულად გადალახა რთული პერიოდი და „ომის უშუალო საფრთხე გადაიარა“, მას ურჩევნია შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობა „საკუთარ პირად პრობლემად დატოვოს“.
ამასთან, ივანიშვილის თქმით, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაყინული თანხების დახარჯვას – პირადი მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის.
ბიძინა ივანიშვილმა დუმილი დაარღვია>>>
„მირჩევნია ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მმართველი პარტიის დამფუძნებლის განმარტებით, შედარებით დეტალურ განმარტებებს აღნიშნულ საქმეზე მისი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც ის გააკეთებს.
„ჩემთვის მთავარია, რომ საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება, ჩემ პირად საკითხზე კი მე თავად ვიზრუნებ და ამ პრობლემით საზოგადოების ზედმეტად დატვირთვას არ შევეცდები“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
სატრასტო ფონდმა დაგვიანების საბაბად დაასახელა „გეოპოლიტიკური ვითარება აღმოსავლეთ ევროპაში“. რაც შეეხება თავად Credit Suisse-ს, ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულების სასამართლოში მოიგო საქმე ბანკის წინააღმდეგ 500 მლნ დოლარზე, მაგრამ ბანკმა აპელაცია შეიტანა.
ივანიშვილის საბანკო დავა
როგორც ადრე ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, 5 ივლისს ბანკმა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებით ბანკს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა და სატრასტო ფონდი სასამართლოს თანხმობის გარეშე თანხის გადახდას არ განახორციელებს.
Credit Suisse ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნით საკუთარ თავს აზიანებს: კობახიძე>>>
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად – 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ბანკის მოხელე ლესკოდრონის თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
ლესკოდრონის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე 2016 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ სხვა კლიენტების ანგარიშებიდან ფარულად ანაზღაურებდა დანაკარგს, რომელსაც მისი კლიენტები მისივე მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად განიცდიდნენ. თავად Credit Suisse ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა მენეჯერის მოქმედებების შესახებ.
2018 წელს ლესკოდრონს თაღლითობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წელს მან თავი მოიკლა.