მსოფლიო დღეს

ევროკომისიის სამოქმედო გეგმა: გერმანიამ გაზის მოხმარების დონე შეამცირა

Sputnik
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. გერმანიაში გაზის მოხმარების დონე, შარშანდელთან შედარებით, უკვე 14-15%-ით დაბალია, განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.
მანამდე ევროკომისიამ სამოქმედო გეგმა წარმოადგინა ენერგეტიკულ ბაზარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ენერგიის მოხმარების 15%-მდე შემცირებას გულისხმობს გაზისა და ენერგიის სხვა წყაროების დაზოგვის მიზნით.

„თუ შარშანდელ მონაცემებს გადავხედავთ და არა რამდენიმე გასული წლისას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ უკვე ვართ [დაზოგვის] 14-15%-იან დონეზე — სეზონურობის გაუთვალისწინებლად. ვვარაუდობ, რომ გათბობის სეზონზე შეიძლება სხვა ვითარება იყოს, მაგრამ ჩვენ უკვე მივაღწიეთ უზარმაზარ წარმატებას და მივაღწევთ ახალსაც. თუ გერმანია შეძლებს დაზოგოს 15%-ზე მეტი, ამაში არაფერი იქნება სამარცხვინო“, — განაცხადა ჰაბეკმა ბრიუსელში ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის წინ.

მისი თქმით, გერმანიას 23 გაზსაცავი აქვს, რომელთაგან 18 სავსეა 80%-ზე მეტით და ეს ძალიან კარგია, თუმცა ქვეყანას „გარკვეული პრობლემები აქვს დიდ გაზსაცავებთან დაკავშირებით, რადგან ისინი დიდი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა „გაზპრომს“. მაგრამ მას შემდეგ, რაც „გაზპრომის“ საცავები გერმანიის კონტროლქვეშ გადავიდა, ისინი სწრაფად ივსება გაზით.
ჰაბეკმა აღნიშნა, რომ გერმანია, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ავსტრიას, ჩეხეთსა და უკრაინას მიაწვდის ბუნებრივ აირს.
გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს ცნობით, დღეისათვის გაზსაცავები 65,9%-ით არის შევსებული.