საპარლამენტო ოპოზიცია ევროკავშირის პირობების შესასრულებლად სამუშაო შეხვედრებს იწყებს

ივლის-აგვისტოში ინტენსიური მუშაობის შედეგად მომზადდება საკანონმდებლო პაკეტები, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მიიჩნევს ოპოზიცია.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ 25 ივლისიდან ევროპული საბჭოს 12 პუნქტთან დაკავშირებით იწყებს სამუშაო შეხვედრებს საპარლამენტო ოპოზიციასთან, ფრაქციების წარმომადგენლებთან, დამოუკიდებელ დეპუტატებთან, არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან, იუწყება პარტიის პრესსამსახური.
მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად საკუთარი სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. ამ ეტაპზე იგეგმება შესაბამის კანონპროექტებზე მუშაობა საპარლამენტო კომისიებში. ამ ფორმატში მუშაობაზე უარს აცხადებენ ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო საქართველოსთვის“.
„ხვალიდან, 25 ივლისიდან საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები იწყება. სამუშაო ჯგუფებში მოხდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების და ინიციატივების შემუშავება. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მიღებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ოპოზიციური ფრაქციების და ჯგუფების წევრები, დამოუკიდებელი დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო პროცესი დაიწყება ორშაბათს, პარლამენტში მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში. 11:00 საათზე შეიკრიბება საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, 14:00 საათზე - მართლმსაჯულების და 17:00 საათზე -ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფები.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, სამუშაო ჯგუფებში მუშაობა იქნება ინკლუზიური და გამჭვირვალე.
„განსხვავებით „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ე.წ. სამუშაო კომისიებისა, ამ ჯგუფებში მოხდება ყველა საკითხის განხილვა, რომელიც ეხმიანება ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 პირობის შესრულებას, ყოველგვარი წინასწარი დათქმებისა და გამორიცხვების გარეშე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროდეპუტატებმა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას 12 პუნქტზე ერთად მუშაობისკენ მოუწოდეს >>
„სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ აქტიურ მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო სექტორის მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში, როგორიცაა სამშაბათს და ოთხშაბათს დაგეგმილი ფორუმები.
როგორც იგეგმება, ივლის-აგვისტოში ინტენსიური მუშაობის შედეგად მომზადდება საკანონმდებლო პაკეტები, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს ევროკომისიის მოთხოვნებს.
ყველა შემუშავებული ინიციატივა საკანონდებლო განხილვაზე გავა საშემოდგომო სესიაზე და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ამ ინიციატივების განხილვა, აღნიშნავენ ოპოზიციურ პარტიაში.
თალაკვაძე: საქართველოს სჭირდება საქმიანი და არა ქუჩის პოლიტიკა >>
მანამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სესიის ჩატარება, რომელიც ოპოზიციის ინიციატივით 18 ივლისს პრეზიდენტმა მოიწვია, აუცილებელია ალტერნატიული პროცესის წამოწყება, რომლის ფარგლებშიც კანონპროექტები შემუშავდება. ამ მიზნით ოპოზიცია ალტერნატიული სამუშაო ფორმატებს ქმნის.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება, მათ შორის დეპოლარიზაცია.
რატი იონათამიშვილი: ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება >>
ევროკომისია საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადებას თავდაპირველად 2022 წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა 13 ივლისს ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაილ რუპმა განაცხადა, რომ ქვეყანას მეტი დრო მიეცემა. მისი თქმით, ევროკომისიამ გადაწყვიტა, არ ააჩქაროს ქართული პოლიტიკური ელიტა ძალისხმევაში დეპოლარიზაციის მიმართულებით, რათა მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და რეფორმებზე მუშაობა დაიწყონ.