თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ბილიკის რემონტთან დაკავშირებით 10–24 ოქტომბრის პერიოდში დაიკეტება, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახური.
აეროპორტის 2,5 კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკის გეგმური რემონტი ოქტომბერშია გაწერილი. გაერთიანებამ ტენდერი 8 მლნ ლარზე უკვე გამოაცხადა. რემონტი მთლიანად კომპანიის შემოსავლების ხარჯზე გაკეთდება.
„ქუთაისის აეროპორტის სააეროდრომო ნაწილის რეაბილიტაციისას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ცალკეულ ნაწილს, რისთვისაც საჭირო გახდება აეროპორტის დროებით დახურვა“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
მისი თქმით, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ოპერატორი კომპანიები აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პერმანენტულ მონიტორინგს ახორციელებენ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.
„სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია“, – აღნიშნა არჩუაძემ.
გაერთიანების ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში ფრენები არ შესრულდება, ხოლო ავიაკომპანიები თავად გადაწყვეტენ – განაგრძონ ფრენები სხვა აეროპორტებიდან თუ ორი კვირით შეაჩერონ მუშაობა.
აეროპორტი მიმდინარე წლის ივნისში 76 ათას მგზავრს მოემსახურა და შეასრულა 198 რეისი 14 ქვეყანაში 25 მიმართულებით. ამ ეტაპზე აეროპორტში ხუთი უცხოური ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს.