ნაბიჯი პოლარიზაციის შესამცირებლად: რა შესთავაზა მმართველმა პარტიამ ოპოზიციას

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ხელისუფლება დათმობებზე წავა, რათა ევროსაბჭოს მოთხოვნების შესრულების პროცესში კომპრომისს მიაღწიოს
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარტიებს პოლიტიკაში პოლარიზაციის შესამცირებლად მონიტორინგის ჯგუფის შექმნა შესთავაზეს, რასაც ოპოზიცია ჯერჯერობით არ ეთანხმება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხუთშაბათს პირველი შეხვედრა გამართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ევროპული საბჭოს პირობების შესრულებაზე, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წლის ბოლომდე მოსაპოვებლად არის აუცილებელი. შეხვედრას ოთხი პარტიის დეპუტატი ესწრებოდა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მივიდნენ.
„ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ გაკეთდეს მონიტორინგი ჩვენი, პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების დამოკიდებულებების, რიტორიკისა და მიდგომების. ეს ნიშნავს არა ცენზურას, როგორც ეს შეიძლება ვინმემ თარგმნოს, არამედ სტანდარტს და ამომრჩევლისადმი დამოკიდებულებას, აგრესიის კამპანიის შემცირებას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, მონიტორინგის შედეგები გარკვეულ პერიოდში გამოქვეყნდება ხოლმე და პარტიებს საკუთარი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ. ამასთან მან აღნიშნა, რომ თავად მონიტორინგი ჯერ განხილვის საგნად რჩება, რადგან პოზიციები ჯერ არ არის შეჯერებული.
ოპოზიციაში კი მონიტორინგის დანერგვის საკითხს გულგრილად შეხვდნენ. თუმცა პარტიების ნაწილი დიალოგს ემხობა.
ერთიანობა არ იქნება: ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე უარი თქვა>>
„ჩემთვის, მაგალითად, ყველაზე კარგი ნაბიჯი (დეპოლარიზაციისკენ - რედ.) იქნებოდა, დაგვეწყო კონსტიტუციიდან, მათი პოზიციაა, რომ კონსტიტუცია - ბოლოშია... ერთადერთი, ყველა ვთანხმდებით, თუ პროცესი სწორად მიდის, კანონებს ვიღებთ. თანამშრომლობის პროცესი ეფექტიანია, ერთმანეთს ვუსმენთ, ამან შეიძლება დაწიოს პოლარიზაცია და ეს პრობლემა მოგვარდება ასე“, - განაცხადა პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა სანდრო რაქვიაშვილმა.
პარტია „მოქალაქეებისთვის“ „ქართული ოცნების“ წინადადება არასრული აღმოჩნდა.
„ისინი ამბობენ, რომ შეიქმნას რაღაც მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს, აღრიცხავს ტექნიკური პროგრამის საშუალებით, ვინ რა სიძულვილის ენა გამოიყენა და როდის გამოიყენა და მერე ეს გახადონ საჯარო. მე ვთვლი, რომ ეს არ არის საკმარისი, მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო ღრმა პრობლემაა“, - განაცხადა „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.
ოპოზიცია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე უარს ამბობს - მდინარაძე>>
მისი თქმით, მან შეხვედრაზე დააყენა ინიციატივა - ოპოზიციას ეთერი მიეცეს სახელისუფლებლო არხებზე, ხოლო ხელისუფლებას - ოპოზიციურ არხებზე.
„უნდა დაიწყოს რეალურად დებატები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ეს საბოლოო ჯამში შეუწყობს ხელს იმას, რომ პოლარიზაცია შემცირდეს“, - განაცხადა იოსელიანმა.
პარტიისთვის „საქართველოსთვის“ ხელისუფლების წინადადება არასაკმარისი აღმოჩნდა.
„ჩვენი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი მხარის მხრიდან უმნიშვნელოვანესი პროცესი, რასაც ჰქვია რეფორმების განხორციელება, რათა დეკემბერში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დაკავშირებული იქნას საკონსტიტუციო ცვლილებებთან, რომელიც უკავშირდება ბარიერის დაწევას. ეს საკითხი არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ არ შეიძლება ეს საკითხი იყოს მთავარი პრიორიტეტი“, - განაცხადა პარტიის დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა.
თავისი დღის წესრიგით გამოცხადდა შეხვედრაზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ხათუნა სამნიძე.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დაინახავდა თუ არა „ქართული ოცნება", კერძოდ (პარლამენტის - რედ.) სპიკერი იმის აუცილებლობას, რომ იმისთვის, რათა პროცესში ჩართული იყოს ოპოზიცია და პროცესი იყოს ინკლუზიური, აუცილებელია კომპრომისები, ნაბიჯების გადადგმა ოპოზიციის მხარეს, რისი მთავარი ინდიკატორი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები“, - განაცხადა სამნიძემ.
მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია შეხვედრით, განსაკუთრებით მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯომარის განცხადებით, რომელმაც შეხვედრის წინ ოპოზიციას „რადიკალური“ უწოდა.
პაპუაშვილთან შეხვედრაზე ოპოზიციის უმეტესი ნაწილი არ მივიდა >>
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
სამთავრობო გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფები ამ ეტაპზე შეიქმნება იურიდიულ კომიტეტთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი პოლარიზაციის მონიტორინგის საკითხებზე. კომიტეტების პირველი სხდომები სწორედ დღეს, 7 ივლისისთვის ჩაინიშნა.