თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. პოლიციამ 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 18 მაისამდე პერიოდში 772 წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ათასზე მეტი ფაქტი დააფიქსირა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს ორი მუხლი საქართველოში აქციებზე დაკავებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
წვრილმანი ხულიგნობის 772 ფაქტიდან 337 დაფიქსირდა თბილისში, ხოლო 193 ფაქტი - აჭარაში. ესაა საპროტესტო აქციების ჩატარების ეპიცენტრი.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მთლიანობაში დაეკისრა 753 პირს – 730 მამაკაცს და 23 ქალს, ამასთან გამოვლენილი სამართალდარღვევების თითქმის ნახევარი დედაქალაქში გამოვლინდა.
შსს-ს ცნობით, წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენ პირთა ასაკი 26-დან 40 წლამდეა. ერთ წელიწადში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობის 4 ფაქტი დაფიქსირდა.
საქართველოში წვრილმანი ხულიგნობა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 1 ათას ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
რაც შეეხება სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 18 მაისამდე პერიოდში დაფიქსირდა 1037 ფაქტი, პასუხისმგებლობა დაეკისრა 1003 პირს.
აღნიშნული სამართალდარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი გამოვლინდა თბილისსა და აჭარაში.
პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიეცა 22 ქალი.
დამნაშავეთა ასაკი 26-დან 40 წლამდე მერყეობს. არასრულწლოვნების მიერ სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის 11 ფაქტი დაფიქსირდა.
საქართველოში აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს 2-დან 3 ათას ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.