ვინც ყურადღებას აქცევს თავის ფიგურას ან წონაში დაკლება სურს, ექიმებისა და დიეტოლოგების რჩევებს უნდა მიჰყვეს. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მთვარის მდგომარეობა, რამდენადაც ღამის მანათობლის ყოფნა ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანში რაციონის შერჩევისას დაგეხმარებათ
მთვარე ვერძის ნიშანში
ამ მდგომარეობაში ღამის მანათობელს სურს, რომ ნაკლები რაოდენობით მივიღოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ენერგიასა და ძალას გვამტებს. თუ ასეთ დღეს მიიღებთ ბევრი ოდენობით ყავას, ხილს, შეიძლება ორგანიზმს ავნოთ. ჯობს ნაკლები, მაგრამ უფრო „მძიმე“ საკვები მიიღოთ, როგორიცაა ხორცი, თხილეული, ცხიმიანი ხაჭო და სხვ.
მთვარე კუროს ნიშანში
როდესაც მთვარე კუროს ნიშანშია, კარგი იქნება რაციონში მსუბუქი საკვების დამატება, როგორიცაა კენკრა, ხილი, მწვანილი. ასევე საჭიროა მეტი მოძრაობა, ფიზიკური აქტიურობა, მაგრამ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ძალიან ხელსაყრელი დღეებია დიეტის დასაწყებად.
მთვარე ტყუპის ნიშანში
შესანიშნავი დღეა გაძლიერებული ვარჯიშისთვის. ვინც ბევრი იშრომა, ამ დღეს სხეულსა და სულიერ მდგომარეობაში ხელსაყრელ ცვლილებებს იგრძნობს. შეიძლება, რომ არ შეზღუდოთ თავი პროდუქტების შერჩევაში, მაგრამ არ ღირს იმის ჭამა, რაც მუცლის დამძიმებას გამოიწვევს. სასარგებლო იქნება ცილოვანი დიეტა.
მთვარე კირჩხიბის ნიშანში
მანათობელი კირჩხიბში – ეს განწმენდის დღეა. ჯობს არ მიიღოთ ხორცი, პური, ზოგადად, ცომეული. ამის ნაცვლად იკვებეთ ბოსტნეულის ბულიონზე დამზადებული დიეტური სუპით. ასევე კარგია ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც ნაწლავების გასუფთავებაში დაგეხმარებათ: უჯრედისის შემცველი პროდუქტები, ნიახური, გოგრის თესლი და ა.შ.
მთვარე ლომის ნიშანში
მთვარე ამ ცეცხლის ნიშანში ნიშნავს, რომ სითხეზე უნდა გააკეთოთ მეტი აქცენტი, თუმცა არც ზედმეტად ბევრი სითხის დალევა არ ივარგებს. უბრალოდ დაიცავით წესები. თუ ცოტა სითხეს მიიღებთ, ეს პრობლემებს შექმნის საჭმლის მონელების პროცესში. ეცადეთ ნებისმიერ დღეს დაახლოებით 1,5 ლიტრი წყალი მიიღოთ სუფთა სახით.
მთვარე ქალწულის ნიშანში
როცა მთვარე ქალწულის ნიშანშია, ეს შესანიშნავი დროა განტვირთვის დღეების მოსაწყობად, მაგრამ ისე არა, რომ ეს ტანჯვად გექცეთ. დიეტამ და შიმშილობამ სარგებლობა უნდა მოგიტანოთ და არა ზიანი. ასევე კარგი დღეებია ექიმებთან და დიეტოლოგებთან კონსულტაციებისთვის, სწორი რაციონის შესადგენად და კვების მხრივ მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებად.
მთვარე სასწორის ნიშანში
როდესაც მთვარე სასწორის ნიშანშია, ჯობს ჭამოთ ის, რაც მოგწონთ. თუ მოგწონთ, რომ ნაკლებს ჭამთ, ჭამეთ ნაკლები; თუ ხორცი გიყვართ, ჭამეთ ხორცი. თუ სმუზი და ხილი გიყვართ, მოიწყვეთ ხილ-ბოსტნეულის დღეები.
მთვარე მორიელის ნიშანში
მორიელი ისეთი ნიშანია, რომ მთვარე ამ ნიშანში ყოფნის დროს გვაძლევს მოტივაციას, დავიწყოთ გამაჯანსაღებელი დიეტები, ფიზიკური ვარჯიშები, ვიტამინების მიღება. ამ დღეებში უნდა მივიღოთ ისეთი საკვები, რომელიც არ ვნებს ჩვენს განწყობასა და ენერგეტიკას.
მთვარე მშვილდოსნის ნიშანში
ამ დღეს კარგია გაძლიერებული სპორტი, კალორიების დაწვა, მეტი მოძრაობა, სიარული. მნიშვნელოვანია სხეულზე მუშაობა, კუნთოვანი მასის გაზრდაზე ზრუნვა, ცხიმის მოშორება. ამავე დროს აუცილებელია დახარჯული ენერგიისა და დაკარგული სითხის მარაგების აღდგენა.
მთვარე თხის რქის ნიშანში
ასეთ დღეებში ასტროლოგები და დიეტოლოგები გვირჩევენ, ვჭამოთ ხშირად და ცოტ-ცოტა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ვერ აკონტროლებს შიმშილის გრძნობას. სასურველია, რაციონი მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს.
მთვარე მერწყულის ნიშანში
ასეთ დღეებში ჩნდება სურვილი, თავი დავანებოთ სპორტს, დიეტებს, რაციონზე ზრუნვას. თუ შეძლებთ მერწყულში მთვარის ყოფნის პერიოდის გადალახვას, მაშინ ყველაფერი შეგწევთ. ესაა დღეები, როდესაც ადამიანი იწრთობა, ყალიბდება ძლიერი პიროვნება და ვლინდებიან ისინი, ვისაც სუსტი ნებისყოფა აქვს და არ შეუძლიათ თავის ხელში აყვანა.
მთვარე თევზების ნიშანში
ეს ის დღეა, როდესაც საკვებმა სიხარული უნდა მოიტანოს. შეიძლება თავის განებივრება დესერტით, ცხიმიანი და წვნიანი სტეიკით, მაგრამ ისიც აუცილებელია, რომ ზომიერების გრძნობა არ დავკარგოთ. ასეთ დღეებში არის რისკი, რომ კვების მხრივ მავნე ჩვევები დაგვიბრუნდეს.
P.S. დღეს, 2022 წლის 22 ივნისს მთვარე ვერძის ნიშანშია. შემდეგი სამი დღე – 23, 24, 25 ივნისი – მთვარე კუროს ნიშანში იქნება. ტყუპში დაჰყოფს ორ დღეს – 26, 27 ივნისი, ხოლო თვის ბოლო სამი დღე – 28, 29 და 30 ივნისი – კირჩხიბის ნიშანში იქნება.