კობა გვენეტაძე: საქართველოს ერთდროულად მრავალ გამოწვევასთან უწევს გამკლავება

ეროვნული ბანკის გუნდმა მთელი მსოფლიოს წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ადეკვატური ზომები მიიღო, ამტკიცებს გვენეტაძე.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი – Spurnik. ეროვნული ბანკი ყველაფერს გააკეთებს, რათა გლობალური გამოწვევების ზეწოლა მოსახლეობაზე შეამსუბუქოს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
„ინფლაცია გახდა აშკარა საფრთხე მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის. საქართველოს, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანას, არაერთ გამოწვევასთან ერთდროულად გამკლავება უწევს, რაც საბოლოო ჯამში ფასებზე აისახება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ესმოდეთ, რომ ეროვნული ბანკის პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა გუნდმა გაატარა ადეკვატური ღონისძიებები იმ გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომელთა წინაშეც დღეს მსოფლიო დგას“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკი აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს თავისი ბერკეტების გათვალისწინებით, რომ მოსახლეობაზე ინფლაციის ზეწოლა შეამსუბუქოს, დასძინა მან.
პირველადი მოხმარების საქონელზე მომხმარებელთა დანახარჯები იზრდება: კვლევა>>
თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, რომ საქართველოს პერსპექტივები ეკონომიკური ზრდის კუთხით ოპტიმისტურია.

„ველოდებით, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 5,5%-ს მიაღწევს, რაც თავდაპირველ პროგნოზზე 2,5%-ით მეტია“, – განაცხადა მოლინეუსმა.

რაც შეეხება ინფლაციას, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მისი ზეწოლა გაგრძელდება უკრაინის მოვლენებისა და სანქციების მეორადი ეფექტის გამო.
წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის მაისში, გასული წლის მაისთან შედარებით) 13,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე – 20%, სასტუმროებსა და რესტორნებზე – 12,6%, ჯანდაცვაზე – 2%-ით. მაისში სურსათზე ფასები წლიური 22%-ით გაიზარდა.
როდის მიუახლოვდება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს? ეროვნული ბანკის პასუხი>>
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა და ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს პრობლემად რჩება როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში.
საქართველოს ხელისუფლება ინფლაციის დონის შემცირებას 2022 წლის მეორე ნახევარში ელოდება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. თუმცა, მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პროგნოზირება ძალიან რთულია.