გახარიას პარტია ხელისუფლებასა და ოპოზიციას რეფორმებზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

ევროკომისიამ 12 პირობა დაასახელა, და მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
Sputnik
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა იმ რეფორმებზე, რომელთა გატარებაც ევროკომისიამ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ურჩია.
ევროკომისიის დასკვნა 17 ივნისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე გამოაცხადა. ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
ოპოზიციამ ამას ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა, ხოლო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“ გაუხსნას, უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.

„ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია როგორც ყველა აქტიური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, და პირადად გავაცანით ჩვენი თხოვნა“, – განაცხადა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე პარლამენტში.

მისი თქმით, საქართველო „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის ყოველთვის ლიდერი იყო, მაგრამ ბოლო წელიწად-ნახევარში, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო, დაკარგა ეს პოზიცია, რაც „სტრატეგიკული მარცხი“ აღმოჩნდა. ლიდერის პოზიციების აღსადგენად საჭიროა რეფორმების კონკრეტული გეგმის დასახვა.
„სწორედ ამიტომ ჩვენმა გუნდმა წარვადგინეთ რეფორმების და გადასადგმელი ნაბიჯების კონკრეტული გეგმა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს და რომელზე მუშაობაც არა ზეგ, მაზეგ, ან ორ კვირაში, არამედ დღესვე ერთობლივად უნდა დავიწყოთ“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
„ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო“ – პრემიერი>>
დეპუტატის თქმით, გახარიას პარტიის გეგმა უზრუნველყოფს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის სისტემის აღდგენას, ნებისმიერი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას, ხელისუფლების რეალურ გადანაწილებას, ეფექტურ საპარლამენტო კონტროლს, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას.
თუ ეს ყველაფერი გაკეთდება, საქართველოში ოლიგარქიული მმართველობა გამოირიცხება, აღნიშნა დეპუტატმა.
ევროკომისიამ 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ საქართველოს მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება.
ჩვენი ბრალია: საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე>>
ასევე საქართველოს მოუწოდეს, გახადოს სასამართლო სისტემა მთლიანად და ნამდვილად დამოუკიდებელი, აღჭურვოს ახალი სტრუქტურები – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ყველა აუცილებელი რესურსით და უზრუნველყოს მათი დამოუკიდებლობა, განამტკიცოს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა.
პირობებს შორის ასევე დასახელდა „დეოლიგარქიზაციის მხრივ ვალდებულებების რეალიზაცია“ ანგარებიანი ინტერესების ზედმეტი გავლენის აღმოფხვრის გზით ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან; უფრო აქტიური ძალისხმევა მასმედიის თავისუფლების, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი გარემოს უზრუნველსაყოფად.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკომისია დააკვირდება საქართველოს პროგრესს პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით და ამის შესახებ ანგარიშს 2022 წლის ბოლოსთვის შეადგენს.