რაში ვხარჯავთ ყველაზე მეტ ფულს?

რას ხმარდება ჩვენი შემოსავლების ძირითადი ნაწილი – დასვენებასა და გართობას თუ ტრანსპორტს, ჯანდაცვას ან, იქნებ, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას?..
Sputnik
ყველა გზა... აქ, სავარაუდოდ, მკითხველი შემაწყვეტინებს და თავად დაასრულებს წინამდებარე სტატიის პირველ სენტენციას. როგორ? მარტივად, აი ასე − რომში მიდის! მკითხველის აქტიურობას მივესალმები, თუმცა მივანიშნებ, რომ ყოველთვის ასე არ არის. ამჯერად სულ სხვა რამ მინდოდა მეთქვა. წელიწად-ნახევარია ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის მიმოხილვისას ყველა გზას ორნიშნა ინფლაციის გამომწვევ მიზეზებთან და შედეგებთან მივყავართ. ასე იყო ივნისის პირველ რიცხვებშიც, როდესაც გასული თვის ინფლაციური პროცესები შევაჯამეთ. აღვნიშნეთ, რომ ფასებმა ფაქტობრივად ყველა მიმართულებით მკვეთრად მოიმატა. გაძვირებული ცხოვრების პირობებში, ბუნებრივია, მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობა შემცირდა.
საინტერესოა, რას ფიქრობთ, მაინც რაში ვხარჯავთ ყველაზე მეტს? რა თქმა უნდა, საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე − ბრძანებს მკითხველი და, რა გაეწყობა, ვაღიარებ, რომ ეს პასუხი არის სიმართლე. რას ეყრდნობა ეს თქვენი ემპირიული დასკვნები? − შესაძლოა ჩაგვეძიოს რედაქტორი. მოგახსენებთ, არამც და არამც აღქმებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს. თუ ცალკეული მიმართულებებით ინფლაციის მაისის თვის მაჩვენებლებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყველაზე მეტით, საშუალოდ 22,0 პროცენტით სურსათი გაძვირდა. მოგეხსენებათ, რომ სიძვირის მიუხედავად, საკვები ყველაზე საჭირო პროდუქტია. ადამიანმა შესაძლოა აქტიური დასვენების თუ გართობისგან თავი შეიკავოს და თავისუფალი დრო სახლში გაატაროს; სატრანსპორტო ხარჯებიც შეზღუდოს და ფეხით იმოძრაოს; თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, მაქსიმალურად შეამციროს ჯანდაცვის დანახარჯებიც; სამომხმარებლო ტექნიკის შესაძენადაც უკეთეს დროებას დაელოდოს, მაგრამ საკვებზე უარს ვერ იტყვის. ასე რომ, მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ მოსახლეობის შემოსავლების ძირითადი ნაწილი სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებზე იხარჯება.
რატომ და რამდენით გაძვირდა საკვები პროდუქტი?
ნათქვამის დასტურად სხვა არგუმენტსაც მოვიყვან, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს მოვიშველიებ. ამ ორგანიზაციამ ქვეყნის სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარი მიმოიხილა. კვლევაში, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა, გაანალიზებულია პირველადი მოხმარების საქონლის ფასწარმოქმნის პოლიტიკა და საკვებ პროდუქტებზე მზარდი ფასების მიზეზები. კვლევა მოიცავს სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნების ფასებზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, სამომხმარებლო კალათის დინამიკას და სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.
კვლევის თანახმად, შინამეურნეობების, ანუ ოჯახების ხარჯების დაახლოებით 50 პროცენტი სურსათსა და პირველადი მოხმარების საქონელზე მოდის. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქციის თითქმის ნახევარი იმპორტირებულია. ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში განხორციელებული სუბსიდიების მიუხედავად, რეალური წარმოება ძალიან მცირე ტემპით იზრდება, შედეგად – ქვეყანაში საკვების ადგილობრივი წარმოების თვალსაზრისით აშკარა პრობლემებია. რა არის ამის მიზეზი? კვლევის ავტორთა შეფასებით, ერთ-ერთი მიზეზი სოფლის მეურნეობის სფეროში კერძო სექტორის დაბალი ჩართულობა და არაეფექტური მონაწილეობაა. შესაბამისად, როგორც კვლევაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და არსებული სუბსიდიების მიზნობრივი განაწილება.
რატომ გაუფასურდა ლარი... სამ დღეში რა მოხდა სავალუტო ბაზარზე?
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ქვეყანაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მოსახლეობის დანახარჯები 3,5-ჯერ არის გაზრდილი. ეს მკვეთრი ზრდა ძირითადად მაღალი ინფლაციით არის გამოწვეული საკვებზე, სასმელზე და თამბაქოზე. მაღაზიების ბრუნვა, რომლებიც პირველადი მოხმარების საქონლით ვაჭრობენ, 8 მილიარდ ლარს აღწევდა 2021 წელს. ბაზრების, ბაზრობების და სხვა გარე ვაჭრობის ობიექტების გათვალისწინებით პირველადი მოხმარების საქონლის ბაზრის შემოსავლები კი 10 მლრდ ლარს აჭარბებს.
„ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველადი მოხმარების საქონლით ვაჭრობაში ორგანიზებული მოთამაშეების შემოსავლების ზრდა მკვეთრად აღემატება ჯამურად მაღაზიების შემოსავლების ზრდას. ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლებში ორგანიზებული ბაზარი კიდევ უფრო კონსოლიდირებული გახდება და მეტად ჩაანაცვლებს არაორგანიზებულ ბაზარს“, − აღნიშნულია კვლევაში.
სასურსათო საცალო სექტორისა და პირველადი მოხმარების ბაზარზე მაღალი კონკურენციაა. აქ წარმოდგენილია 50-ზე მეტი მსხვილი იმპორტიორი, დისტრიბუტორი და რიტეილერი. ყველაზე მსხვილი მოთამაშის შემოსავლები ჯამური საცალო ბაზრის შემოსავლების 5 პროცენტზე ნაკლებია. საქართველოში საბითუმო და საცალო ვაჭრობაში დასაქმებულია დაახლოებით 170 ათასი პირი, რაც მთლიანად დაქირავებით დასაქმებული პირების მეოთხედზე ოდნავ მეტს, 26 პროცენტს შეადგენს. მათ შორის დისტრიბუციაში და რიტეილერებში დასაქმებულია 30 ათასზე მეტი ადამიანი.
რატომ მყარდება ლარი და რა ნიშნულს უმიზნებს ეროვნული ვალუტა?
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ ჩატარებული კვლევის ავტორთა შეფასებით, მაღალი ინფლაციის პარალელურად დამატებითი რეგულაციების შემოღება გაზრდის ხარჯებს და მომხმარებლებს უფრო გაუძვირებს საკვებს. გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სურსათის უვნებლობა. ქვეყნის განვითარებასთან ერთად იზრდება ხარისხის სტანდარტები, რაც დადებითად აისახება საკვების უსაფრთხოებაზე.
კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დღეისათვის ყველაზე მწვავე პრობლემებია ლარის გაცვლითი კურსი, მაღალი ინფლაცია და საკრედიტო რესურსზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები. კვლევის ავტორთა დასკვნით, მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს გარკვეული მექანიზმი, რომელიც პირველადი მოხმარების საქონლით ვაჭრობის მონაწილეებს ფასების მყისიერი ზრდისგან დაიცავს.
ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემასთან მიმართებაში ყველაზე აქტუალური კითხვები უცვლელია. კერძოდ, რა არის ინფლაციის მიზეზი და როდიდან დაიწყებს ინფლაცია დაკლებას? ამ უცვლელ კითხვებზე პასუხებიც უცვლელია. ანალიტიკურ წრეებში ინფლაციის გამომწვევ მთავარ მიზეზებად კვლავაც ჯერ COVID-19-ის პანდემიის გამო და შემდეგ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის შედეგად მსოფლიო ბაზარზე განვითარებულ პროცესებს ასახელებენ. შემცირებული ეკონომიკური აქტივობა, საკვები პროდუქტის გაძვირება, საწვავზე ფასების მატება და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯები, რა თქმა უნდა, სავალუტო რყევები...
რა მოიგო და რა წააგო საბანკო სექტორმა?
რაც შეეხება პროგნოზს, სახარბიელო არ არის. ანალიტიკოსთა უმრავლესობა აცხადებს, რომ საუკეთესო შემთხვევაში ინფლაცია მიმდინარე წლის განმავლობაში გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლის პირველ ნახევარში ინფლაციის ტემპი შეჩერდება და მეორე ნახევრიდან პროგნოზულ ნიშნულს, 6,5 პროცენტს მიუახლოვდება.
უარეს შემთხვევაში? − ჩამეძიება მკითხველი. უარესის წარმოდგენაც არ მინდა. შესაბამისად, პასუხი არ მაქვს. უარეს სცენარზე არც ანალიტიკურ წრეებში საუბრობენ. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ოპტიმისტური სცენარის ალტერნატივა ინფლაციის ზრდის ტემპის მომავალი წლის ბოლომდე შენარჩუნებაა. როგორია ეროვნული ბანკის პროგნოზი? კობა გვენეტაძის უწყებაში არის მოლოდინი, რომ საგარეო ფაქტორების მილევის შემდგომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება მომავალი წლის შუა პერიოდში. ეს იმ შემთხვევაში, თუ სხვა შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც ახლა შეუძლებელია. მანამდე კი, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს და ასე შეეცდება ინფლაციური პროცესების მოთოკვას. დანარჩენს დრო გვიჩვენებს...
სამსონ ხონელი