რა რისკებს შეიცავს მჯდომარე სამუშაო?

Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მჯდომარე, საოფისე სამუშაო და მასთან დაკავშირებული რისკები – თბილისში აღნიშნულ თემაზე სემინარი გაიმართა, იუწყება შრომის ინსპექციის სამსახური.
მჯდომარე სამუშაო ჯანმრთელობისთვის უხილავ რისკს წარმოადგენს. ევროპის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სააგენტოს (EU OSHA) მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე დასაქმებულთა 28% სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებს. დამატებით 30% კი აღნიშნავს, რომ დროის მეოთხედს უთმობს მჯდომარე სამუშაოს შესრულებას. შესაბამისად, დასაქმებულთა 60%-სთვის მჯდომარე სამუშაო მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.
სემინარზე, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურისა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ფარგლებში გაიმართა, საოფისე სამუშაოსთან დაკავშირებული რისკები განიხილეს. ექსპერტებმა აუდიტორიას გაუზიარეს ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა.
შრომის ინსპექციის სამსახურში სემინარი გაიმართა
მომსახურების სფერო, წარმოება, საავტომობილო მრეწველობა, ონლაინ-სერვისები, ეროვნული და საერთაშორისო ვაჭრობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, ადმინისტრაციული საქმიანობა – ეს მხოლოდ იმ სექტორთა მცირე ჩამონათვალია, სადაც დომინირებს მჯდომარე სამუშაოები.
თუ დიდხანს გიწევთ ერთ ადგილზე ჯდომა, იცოდეთ, რომ...>>>
როგორც შრომის ინსპექციაში აღნიშნეს, ეს სფეროები საქართველოს ეკონომიკაშიც მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი და მათი წილი ეროვნულ ეკონომიკაში კიდევ უფრო იზრდება.
აღნიშნული სემინარი არის EU OSHA-ს მიმდინარე კამპანიის - „დატვირთვის შემსუბუქება“ ნაწილი და ხაზს უსვამს მჯდომარე სამუშაოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს და პრობლემასთან გამკლავების გზებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ დარგობრივი ასოციაციების, შრომის უსაფრთხოების კომპანიებისა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები.