დავიდ ნარმანია
ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების ეპოპეა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება და ძალიან შორსაა დასასრულისგან. რთულია, მას ლოგიკური უწოდო, ვინაიდან სტოკჰოლმისა და ჰელსინკის ალიანსთან შეერთების გადაწყვეტილება, ერთი შეხედვით, მთლიანად ეწინააღმდეგება საღ აზრს.
უფრო მკაფიოდ ეს ჩანს თურქეთთან დიალოგის პროცესიდან, რომელიც ეწინააღმდეგება ბლოკის გაფართოებას. ანკარაში, სკანდინავიური სახელმწიფოების დედაქალაქებისგან განსხვავებით, ზუსტად დაიჭირეს ისტორიის ტექტონიკური ფილების მოძრაობა და ცდილობენ, განიმტკიცონ დამოუკიდებლობა და თავისუფლება და აშშ-ს სხვადასხვა ბენეფიტი გამოსტყუონ: მათ შორის, მოიერიშეები მორიგი ოპერაციის დაწყებამდე ქურთების წინააღმდეგ, ამჯერად სირიაში. აღსანიშნავია, რომ თურქეთის ჯარის ანალოგიური მოქმედება ერაყში დემოკრატიულ სამყაროში არ შეიმჩნიეს. სამშაბათს დაწყებული ოპერაცია კი მაისის ბოლო დღეებში გამოაცხადეს. სახელმწიფო დეპარტამენტში თურქეთის გაკრიტიკებაც მოასწრეს, მაგრამ, როგორც ცნობილია, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.
თურქეთი აცნობიერებს, რომ მსოფლიოში ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენები მოითხოვს სახელმწიფოებისგან ოპერატიულ თავისუფლებას, თუ, რასაკვირველია, მათ არ სურთ ხელცარიელი დარჩენა საერთაშორისო ურთიერთობების ახალ სისტემაში, რომელიც ჩვენ თვალწინ ყალიბდება.
შვედეთმა და ფინეთმა კი, პირიქით, დააპირეს რუსეთის საზღვრებთან „დემოკრატიის ფორპოსტის“ ახალი ტვირთის აღება და ჩრდილოატლანტიკურ საძმოში გაერთიანება. ამასთან, უსაფრთხოების მხრივ, ისინი სულ მცირე არაფერს შეიძენენ, მაქსიმუმ კი - რამის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდებიან. მოსკოვი მათთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა, ახლა კი რუსეთის მიმართ შედარებით ნეიტრალური ქვეყნები რუსეთის მტრული ალიანსის წევრები გახდებიან. აღსანიშნავია, რომ ნატოს წვრთნებში ისინი ადრეც მონაწილეობდნენ, ასე რომ, მათი ნეიტრალიტეტი პირობითი იყო.
ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ამ ვითარებაში იფიქრებდა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება მათთვის ხელსაყრელი იქნებოდა ეკონომიკურად მაინც, მაგრამ, როგორც ჩანს, სკანდინავიური სახელმწიფოების მთავრობები განიცდიან მწვავე საკადრო შიმშილს. თუ ფინეთი ადრეც მშპ-ს ორ პროცენტს ხარჯავდა თავდაცვაზე (სწორედ ამდენს ითხოვს აშშ), შვედეთს მსუყე თანხის გამოყოფა მოუწევს. შარშან იქ სამხედრო სფეროსთვის მშპ-ს მხოლოდ 1,3 პროცენტი დახარჯეს.
კრიზისის ფონზე ასეთი ხარჯი მტკივნეული იქნება ქვეყნების ბიუჯეტებისთვის და, შესაბამისად, მოსახლეობისთვის. მაგრამ ხალხის აზრი არავის აღელვებს. ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ გააფრთხილა თანამოქალაქეები: არავითარი რეფერენდუმი არ იქნება. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი შეიცავს საიდუმლო მონაცემებს, რომელთა ცოდნაც რიგითი შვედებისთვის საჭირო არ არის.
და თუ სტოკჰოლმისა და ჰელსინკისთვის ალიანსში გაწევრიანებით მიღებული სარგებელი საეჭვოა, ვაშინგტონი განიმტკიცებს პოზიციებს არქტიკაში. ნატოში ორი ქვეყნის გაწევრიანების შემდეგ არქტიკული საბჭოს ერთადერთ წევრად, რომელიც ალიანსში არ იქნება, რუსეთი დარჩება.
არქტიკა XXI საუკუნეში ალბათ დაპირისპირების ერთ-ერთ საკვანძო ასპარეზად იქცევა. საუბარია არა მხოლოდ და არა იმდენად პირდაპირ სამხედრო საფრთხეზე, რამდენადაც ეკონომიკაზე. მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტი ითვალისწინებს ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ შეზღუდვას, რაც ნაკლებად გამოიწვევს საწვავის გაიაფებას. ამასთან დაკავშირებით მეტად თვალსაჩინოა ჯო ბაიდენის განცხადება, რომელმაც მომდევნო დღეს აღიარა, რომ სინამდვილეში დასავლეთი მზადაა, შეიძინოს რუსული ნავთობი, ოღონდ საბაზროზე დაბალ ფასად.
„შავი ოქროს“ გაძვირება არქტიკულ მარაგს მიმზიდველობას და რენტაბელურობას მატებს. ამასთან, ფასის ნახტომი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მწვანე ენერგეტიკაზე სწრაფი გადასვლის შესახებ განცხადებები ნაადრევი აღმოჩნდა.
კლიმატური ცვლილებები არქტიკაში ნაოსნობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის, ამიტომ ჩრდილოეთის სანაოსნო გზა პოტენციურად შეიძლება გახდეს მსოფლიო ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტერია: ის პრაქტიკულად ორჯერ მოკლეა სუეცის არხის მარშრუტზე. მის განვითარებას ინტერესით აკვირდებიან არაარქტიკული აზიური ქვეყნებიც, პირველ რიგში, ჩინეთი და ინდოეთი. ამასთან, რუსეთი მას უყურებს, როგორც ისტორიულად მის კუთვნილ მარშრუტს, დასავლეთი კი ითხოვს ნაციონალური იურისდიქციიდან მის ამოღებას.
არქტიკის რესურსებისა და მისი სატრანსპორტო შესაძლებლობების გამოყენების უფლება არის რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების უკვე დღეს, 2020-იანებში, ხილული პირველი მიზეზი. მზარდი ურთიერთპრეტენზიების პირობებში ჩრდილოეთი კონფრონტაციის სრულფასოვან ასპარეზად ჩამოყალიბდება. ამიტომ ამ მიმართულებით საკუთარი პოზიციების გაძლიერების შესაძლებლობაში აშშ მზადაა, დიდი ფული გადაიხადოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე