თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
გალიფ ოზთურქი სპეცოპერაციის შედეგად ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში" 31 მაისს დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკიც ამოიღო.
მოსამართლე კოტე ჭილაიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორ დავით ჭარბაძის განცხადებით, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდების პარალელურად ფინანსური პოლიცია გამოძიებას რამდენიმე – საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბების, გადასახადებისთვის თავის არიდების და სხვა მიმართულებებით აწარმოებს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ ბიზნესმენის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ისინი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ და აცხადებენ, რომ პროკურატურას უსაფუძვლო ბრალდება აქვს წარდგენილი.
თავად ბიზნესმენი მის დაკავებას გაუგებრობას უწოდებს. ის გირაოს პარალელურად ელექტრონულ სამაჯურზეც იყო თანახმა.
„შემიძლია გირაოს სახით რამდენიმე მილიონის ქონება შემოგთავაზოთ, მათ შორის, ერთი მილიონი ლარი. თუ სასამართლოს სურვილი აქვს, შეუძლია გაზარდოს გირაოს ოდენობა. თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, ელექტრონული მონიტორინგის ქვეშ ვიქნები. მიყვარს საქართველო, დიდ პატივს ვცემ ქართველებს, მთელი რესურსი აქ მაქვს ჩადებული და წასვლას არსად ვაპირებ“, – განაცხადა გალიფ ოზთურქმა სასამართლო პროცესზე.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს ჩაინიშნა.
ბიზნესმენის საცხოვრებელში სამართალდამცველებმა ჩხრეკა დაიწყეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტების დადგენის მიზნით, თუმცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს.
ოზთურქს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია „მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია”, ასევე „ინტურისტი”, „მეტრო სკაი ტაუერი” და „ბიზნეს ლეჯენდი”, აგრეთვე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი”.
წყარო - „პირველი არხი“.