თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში შეხვედრებს აგრძელებს.
საქართველოს მთავრობის მეთაური ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პირველი შეხვედრა ღარიბაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან გამართა.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს მიკი ლევის შეხვდა.
საუბრის ძირითადი თემები იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკა და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის.
ხაზი გაესვა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.
„აღინიშნა, რომ ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე, რომელიც 1 ივნისს აღინიშნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს დელეგაციასთან ერთად გვირგვინით შეამკო დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი, პატივი მიაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.