თბილისი, 19 მაისი – Sputnik. რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამო ქალაქ შვედტში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დახურვის შემთხვევაში ბერლინს კატასტროფა ემუქრება, წერს Bloomberg.
„ქარხნის დახურვა გერმანიის დედაქალაქს საავიაციო და დიზელის საწვავის დეფიციტით ემუქრება“, – აცხადებენ ჟურნალისტები და აღნიშნავენ, რომ სწორედ ეს ქარხანა აწვდის რეგიონის ავტოგასამართ სადგურებს ბენზინის უმეტეს ნაწილს.
საქმე ისაა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა PCK, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს, პირდაპირ უკავშირდება მილსადენს, რომელშიც რუსული ნავთობი მიედინება. და ვინაიდან ობიექტი დაშორებულია მთავარ პორტს, ენერგორესურსების მიწოდების რაიმე მარტივი ალტერნატიული გზა არ არსებობს, ნათქვამია სტატიაში.
იმავდროულად, 2022 წლის ბოლოსთვის რუსულ ნავთობზე სრული ემბარგოს გეგმა ქარხანას სრული გაჩერებით ემუქრება, ამტკიცებენ ავტორები.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის "უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია", ხოლო უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის რუსეთის ფედერაციის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტები დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ დააწესა. ევროკავშირის ქვეყნებში სერიოზულად განიხილავენ რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმის შესაძლებლობას, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი ნავთობის ემბარგოს ითვალისწინებს, თუმცა რიგი ქვეყნები ამ გადაწყვეტილებას ბლოკავენ.
წყარო - Bloomberg