ანდრეი კოცი
უკრაინელი სამხედროები ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ისვრიან ქალაქ დონბასის მიმართულებით. ისვრიან როგორც ლულიანი, ისე რეაქტიული სისტემებით. დაღუპული და დაჭრილი არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. და რაც უფრო ახლოვდება „დონბასის დიდი ქვაბის“ დასასრული, მით უფრო მეტ სისასტიკეს იჩენენ უკრაინის შეიარაღებული ძალები. „რია ნოვოსტი“ – საბრძოლო მოქმედებების ზონაში განვითარებულ მოვლენებზე.
ტერორის ტაქტიკა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასის სახალხო რესპუბლიკის დაცხრილვა ოთხშაბათს, დილიდან განაახლეს. ჭურვებმა გაანადგურა რამდენიმე სახლი მიხაილოვკასა და პენტეილემონოვკაში. შუადღისკენ მაკეევკასა და დონეცკამდე მივიდნენ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის რესპუბლიკის დედაქალაქი კასეტური საბრძოლო მასალით დაცხრილეს. დაიღუპა ორი ადგილობრივი მცხოვრები, ხუთი მძიმედ დაიჭრა. უკრაინელი არტილერისტები ისვრიან კიროვის რაიონისკენ, სადაც არავითარი სამხედრო ობიექტი არ არის. კიევი იყენებს ტერორის ტაქტიკას და ცდილობს მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებას.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლობის მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ერთობლივ საკონტროლო და საკოორდინაციო ცენტრში 84 დღის განმავლობაში 110 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ოთხი ბავშვი დაიღუპა. დაიჭრა 499 ადამიანი, მათ შორის, 31 ბავშვი. ეს მარიუპოლის გარეშე - იქ დათვლა ჯერ არ დასრულებულა.
„განსაკუთრებით თავს გვაბეზრებს 25-ე სადესანტო ბრიგადის არტილერია, რომელიც ავდეევკაშია დაბანაკებული, და 56-ე ბრიგადა, რომელსაც დონეცკის დასავლეთით სოფელი პესკი აქვს დაკავებული, – ამბობს „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას დონეცკის ჯარის ოფიცერი კლიმი. – შეტევაზე ვერ გადავდივართ, რვა წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ რაიონში საკმაოდ მოძლიერდნენ. კონტრშეტევა რთულია. თუმცა დანაკარგი აქვთ. რუსული ავიაციაც გვეხმარება“.
დასავლური არტილერია
რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა სერიოზულად დააზიანეს უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერია. თავდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, 24 თებერვლიდან ავიაციამ გაანადგურა 1455 იარაღი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 360 დანადგარი. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ჭურვების მწვავე ნაკლებობას განიცდიან: საბრძოლო მასალის ბევრი საწყობი განადგურებულია, ზოგიერთი კი, მაგალითად, ქვეყანაში უმსხვილესი არსენალი ბალაკლეაში, რუსეთის არმიის ხელში გადავიდა.
თუმცა დასავლეთი უკრაინას აწვდის ნატოს სტანდარტების საარტილერიო სისტემებსა და საბრძოლო მასალას. ამერიკელებმა უკვე გადასცეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 90-მდე 155-მილიმეტრიანი ჰაუბიცა М777 და მისი გამოყენება შეასწავლეს 300-ზე მეტ უკრაინელ ჯარისკაცს. ანალოგიური ტექნიკის გაგზავნას გეგმავენ კანადა და ავსტრალია. გერმანია და ნიდერლანდი კიევს გადასცემენ 12 თვითმავალ საარტილერიო სისტემას PZH-2000, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული. იტალია კი მარაგიდან САУ M109-ს გამოყოფს.
მეტად სახიფათოა რეაქტიული ჭურვები M982 Excalibur. დასავლური ჰაუბიცა მას 57 კმ-იან დისტანციაზე ისვრის, თანაც, სავარაუდო გადახრა მხოლოდ ოთხი მეტრია. მაღალ სიზუსტეს მართვის თანამგზავრული სისტემა უზრუნველყოფს.
ნაკლებ მოსალოდნელია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბევრი ასეთი ჭურვი მიიღონ. რაც უნდა იყოს, ის ძალიან ძვირადღირებული სათამაშოა, ნატოს საზომითაც კი: ერთი გასროლა დაახლოებით 70 ათასი დოლარი ჯდება.
კონფლიქტის გაღვივება
ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა „ლენდ-ლიზის“ კანონს უკრაინისთვის. კონგრესის ორივე პალატის მიერ მოწონებული დოკუმენტი კიევის სამხედრო დახმარებას გაამარტივებს, ასევე გააფართოვებს ტექნიკისა და აღჭურვილობის ნომენკლატურას, რომლის გაღებასაც ვაშინგტონი გეგმავს. ამის მიუხედავად, ბევრი სპეციალისტი დარწმუნებულია: ეს სასწორს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს არ გადაწონის.
„ლენდ-ლიზის“ კანონი არ იმოქმედებს კონფლიქტის შედეგზე, მაგრამ აისახება მის ხანგრძლივობაზე, – ფიქრობს რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს ექსპერტი პროხორ ტებინი. – ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, ისევე, როგორც დასავლური სამყაროსთვის, ხელსაყრელია დროის გაწელვა თავისი პოზიციების გასაძლიერებლად და რუსეთის დასასუსტებლად. უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერება სწორედაც რომ ამ მიზანს ემსახურება: კიევი დასავლეთის ქვეყნებისგან დახმარების მიღებით კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდება მათზე“.
მეორე მხრივ, მოსკოვიც არ აპირებს, გულზე ხელები დაიკრიფოს და თვალი ადევნოს, როგორ მოედინება აღმოსავლეთისკენ დასავლური იარაღი. რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა უკვე მიაყენეს მაღალი სიზუსტის დარტყმები უკრაინის რკინიგზის სადგურებს და მწყობრიდან გამოიყვანეს დამაკავშირებელი გზების გრძელი მონაკვეთები. გარდა ამისა, იდგმება ნაბიჯები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდების გასანადგურებლად. რასაკვირველია, იარაღის მიწოდების სრულად აღკვეთა ვერ მოხერხდება, მაგრამ სასიკვდილო იარაღის უდიდესი ნაწილი ფრონტის ხაზამდე ვერ მიაღწევს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე