ლეგენდა სიყვარულზე: ახალი ტურისტული ადგილი აჭარაში

ლეგენდის თანახმად, ოსმალეთის იმპერიის ბატონობისას ამ ადგილზე ქრისტიანმა წყვილმა ჩუმად ჯვარი დაიწერა.
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. მაღალმთიან აჭარაში უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ტურისტული ადგილი გაჩნდება, რომელსაც სიყვარულის ლამაზი ლეგენდა აქვს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
საუბარია ხულოს რაიონის სოფელ ჩაოში მდებარე ე.წ. კოტიჯვარზე, სადაც, ლეგენდის თანახმად, ოსმალეთის იმპერიის ბატონობისას ქრისტიანმა წყვილმა ჩუმად ჯვარი დაიწერა. როგორც ლეგენდა ამბობს, ადგილობრივ მამაკაცს, რომელმაც საყვარელ ქალზე ჩუმად იქორწინა, სახელად კოტე ერქვა და ასე გაჩნდა ამ ადგილის სახელიც - კოტიჯვარი.
„რამდენად სარწმუნოა ეს ლეგენდა, მე ვერ გეტყვით, ეს ადგილი თავისთავად ისეთია, რომ ქმნის ჯვარს, ასე რომ, შეიძლება ამიტომაც ჰქვია ასე“, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა გენადი ცეცხლაძემ.
მაღალმთიან აჭარაში ახალი საპიკნიკე ადგილები გაჩნდება
კოტიჯვარზე აშენდება გადმოსახედი, საიდანაც გადაიშლება ხედი სოფლებზე, მათ შორის სოფელ ხულოსა და სხალთის ხეობაზე.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ სოფელში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს მათთვის დამატებითი შემოსავლების მოზიდვას, ასევე სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ახალგაზრდებისგან სოფლის დაცარიელებას შეაჩერებს.
ზემოაღნიშნული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხულოს მერიიდან 166.000 ლარი გამოიყო.
წყარო: აჭარის ტელევიზია