მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურები, ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობები, ექსპორტის განვითარების პერსპექტივები, პროდუქციის ხარისხის კონტროლი - სოფლის მეურნეობის ეს და სხვა მიმართულებები იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას პარლამენტში გამოსვლის მთავარი თემა.
Sputnik-საქართველო გთავაზობთ მინისტრის გამოსვლის მთავარ თემებს.
ქართული ბაღების განვითარება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში მრავალწლიანი კულტურების მოყვანის განვითარებას. მისი თქმით, ბოლო წლებში ასეთი კულტურების მოყვანა ქვეყანაში 33%-ით გაიზარდა და ამაში განსაკუთრებული როლი შეასრულა სამთავრობო პროგრამამ „დანერგე მომავალი“, რომელიც ქვეყანაში ბაღების გაშენებას უწყობს ხელს.
„პროგრამა საშუალებას აძლევს ფერმერებს, გააშენონ თანამედროვე, ინტენსიური ბაღები და მიიღონ მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი, როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის. პროგრამის ფარგლებში 2021 წელს ახალი მრავალწლოვანი ბაღი 3,6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა“, - განაცხადა შამუგიამ.
მისი თქმით, ფერმერები ყველაზე დიდ დაინტერესებას კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების მიმართ გამოხატავენ.
ბოსტნეული და შემნახველი მეურნეობები
საქართველოში ბოსტნეულის წარმოებაც გაიზარდა. მინისტრის ინფორმაციით, ამ კუთხით წარმოება ერთ წელიწადში 15%-ით გაიზარდა, ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო არასეზონზე დამოკიდებულია ბოსტნეულის იმპორტზე, რაც გამოწვეულია სეზონზე მოყვანილი ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობების სიმცირით.
მისი თქმით, ბოსტნეულის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ხელს შეუწყობს შემნახველი საწარმოები და ამ მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა განვითარდება.
„სახელმწიფოს ხელშეწყობით 2021 წელს 34 ათას ტონაზე მეტი ტევადობის შემნახველი მეურნეობა შეიქმნა. გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 2021 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიქმნა 51 შემნახველი მეურნეობა“, - განაცხადა შამუგიამ.
მისი თქმით, 12 გადამმუშავებელი საწარმო, ძირითადად, ღვინის წარმოებით და ხილის გადამუშავებით არის დაკავებული, დანარჩენი საწარმოები - ბოსტნეულის გადამუშავებით.
ხარისხზე ზრუნვის საკითხი
მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარების კიდევ ერთი მთავარი მიმართულება, მათ შორის მსოფლიო ბაზრებზე გასასვლელად, არის პროდუქციის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება.
მისი თქმით, 2022-25 წლებში იგეგმება ახალი ლაბორატორიების მშენებლობა თბილისსა და ქუთაისში, რომელთა დახმარებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის კონტროლი გაძლიერდება და ფერმერები საერთაშორისო ბაზრებზე უსაფრთხო პროდუქციას გაიტანენ.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის უსაფრთხოების მეორე კომპონენტად მინისტრმა დაასახელა ხარისხიანი სათესლე და სარგავი მასალის გამოყენება და შესაბამისი სერტიფიცირების სისტემის დანერგვა.