ტრანსკასპიური დერეფნის განვითარებისთვის ერთობლივი საწარმო შეიქმნება

ერთობლივი საწარმო გაზრდის დერეფნის ღირებულებას, რადგან შეამსუბუქებს ტვირთების გადაზიდვის პროცესს და მოაწესრიგებს ტრანსსასაზღვრო ტარიფებს.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ტრანსკასპიური დერეფნის (ТМТМ/Middle Corridor) განვითარების ერთობლივი საწარმო საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის შემუშავების სტადიაშია და, სავარაუდოდ, ოფიციალურად 2023 წლის დასაწყისში ან შუა პერიოდში დარეგისტრირდება.
ამის შესახებ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (ТММТ) გენერალურმა მდივანმა ჰაიდარ აბდიქერიმოვმა განაცხადა სამიტზე RailFreight Summit, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.

აბდიქერიმოვის თქმით, ერთობლივი საწარმო გაზრდის შუა დერეფნის ღირებულებას, რადგან ის შეამსუბუქებს ტვირთების გადაზიდვის პროცესს, ჰარმონიულს გახდის ტრანსსასაზღვრო ტარიფებს და ხელს შეუწყობს უნიფიცირებული IТ–პლატფორმის დანერგვას მთელ დერეფანში გადაზიდვების მომსახურების სრული ავტომატიზაციისთვის.

ერთობლივი საწარმოს შექმნის ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ შერწყმა კასპიის ზღვის პორტების გავლით და ამგვარად დერეფნის გაფართოება ირანამდე, არაბულ ქვეყნებამდე, სპარსეთის ყურის გასწვრივ, აღმოსავლეთ აფრიკამდე და ინდოეთამდე.
ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი: საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის შეთანხმება>>
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მოგვიანებით პროექტს შეუერთდნენ უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი.
დერეფნის მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.