თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს კოვიდ-კლინიკების შემოწმებას ინფექციებზე, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
უწყებაში კონტროლის ამ მექანიზმს მთელი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, განსაკუთრებით კორონავირუსის პერიოდში. მინისტრის თქმით, კოვიდ-კლინიკების შემოწმება ერთჯერადი პროცესი არ არის, ის სისტემატური ხასიათისა იქნება.
„ფინანსურ ნაწილთან ერთად აქტიურად ვამოწმებთ კლინიკებს ინფექციის კონტროლის კუთხით. კლინიკებს გონივრული ვადა ეძლევათ პრობლემების გამოსასწორებლად. ამის შემდეგ 2-3-კვირიან პერიოდში განმეორებით ხდება შემოწმება. იგივე პრობლემის, ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში სხვადასხვა სანქციებს მივმართავთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, იმ შემთხვევაში, თუ უკვე ანაზღაურებული თანხების კორექტირების საჭიროება დადგება, ასეც მოხდება.
„ასეთი ფაქტები თუ იქნება, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები უნდა დაბრუნდეს“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
კლინიკების მონიტორინგი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს; ექსპერტებს ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი არჩევენ.
უფრო ადრე საქართველოს მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სხვებზე ხშირად ხვდებიან რეანიმაციაში, სადაც არცთუ იშვიათია ჰოსპიტალური ინფექციები, ამიტომ დიდია ინტუბირებული კოვიდ-პაციენტების ინფექციით დასნეულების ალბათობა.
ცერცვაძის თქმით, ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ახალი შენობები, ახლად გარემონტებული ოთახები, ერთჯერადი ინსტრუმენტები, ვენტილაციისა და სტერილიზაციის ძალიან კარგი სისტემები.
როგორც ცერცვაძემ განმარტა, ჰოსპიტალური ინფექციების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ინსულტიანი, ინფარქტიანი, ონკოლოგიური, კოვიდ-ინფიცირებული პაციენტებისთვის.