თბილისსა და რეგიონებში 215 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა უკრაინის მოქალაქეებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.
Sputnik
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ამ დროისათვის თბილისისა და რეგიონების სკოლებში უკვე 215 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც 12 უკრაინელი მოსწავლე უკვე ჩაირიცხა.
ჩხენკელმა სკოლის ადმინისტრაციასთან და მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა და უკრაინელი ბავშვებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის დეტალები განიხილა.
უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული სამსახურის არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა.
საქართველოდან უკრაინაში კიდევ 120 ტონა ტვირთი გაიგზავნება
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ.
გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორიც გაიხსნება.
დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას.