საქართველოს სკოლებში სწავლის სურვილს 250 უკრაინელი ბავშვი გამოთქვამს

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა უკრაინის მოქალაქეებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ამ დროისათვის თბილისისა და რეგიონების სკოლებში უკვე 190 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული, განაცხადა განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.
დღეს თამარ მახარაშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ანდრეი კასიანოვთან ერთად თბილისის 98-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც 17 უკრაინელი მოსწავლე უკვე ჩაირიცხა.

„იმ ბავშვებისთვის, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ვერ ახერხებენ ქვეყანაში დაბრუნებას და სწავლის გაგრძლებას, ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულიად გამარტივებული წესით მოხდეს მათი სკოლებში ჩარიცხვა. ამჟამად 250 ბავშვია დარეგისტრირების მსურველი“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ.
თბილისის ბაღებში 12 უკრაინული ოჯახის ბავშვები მიიღეს
ამას გარდა, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა.
დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით კი, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, 24 თებერვლიდან, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფება.