თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) მიღწეული შეთანხმებით ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და ქობულეთის ნარჩენების მართვის ობიექტის აღჭურვა განხორციელდება, იუწყება აჭარის მთავრობა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე EBRD-ს კავკასიის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
უწყების ცნობით, EBRD-სთან შეთანხმების ფარგლებში 28 მილიონი ევროთი დაფინანსდება ცეცხლაურის ნაგავსაყრელის ტექნიკით აღჭურვა. ამასთანავე მოხდება ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და შუალედური გადამცლელი სადგურის მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს მისი ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. პარალელურად ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის კონსერვაცია ხორციელდება.
მყარი ნარჩენების მართვის პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ გამოიყოფა, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ ფინანსდება.
ბათუმის ნაგავსაყრელი 1965 წელს გაიხსნა. მას 300 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. ნაგავსაყრელი შემოსაზღვრული არ არის და დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეკოლოგიისთვის.
ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში 2021 წლის ბოლოს დაიწყო. ნაგავსაყრელი 2022 წლის ივნისში უნდა ამოქმედდეს.
ახალ პოლიგონზე ნარჩენები დახარისხდება. გარდა ამისა, გაჩნდება ახალი კონტეინერი საშიში ნარჩენების დროებითი შენახვისთვის. საშიში ნარჩენები დროებით ამ სპეციალურ კონტეინერში განთავსდება და შემდეგ სპეციალურ ორგანიზაციას გადაეცემა ეკოლოგიური და უსაფრთხოების სანიტარიული ნორმების შესაბამისად განადგურებისთვის.
წყარო: აჭარის მთავრობა