Batumi Build-2022: გამოფენაში 60-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს

Sputnik
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ბათუმი სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-11 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს, იუწყება „პირველი არხი“.
Batumi Build-2022 დღეს გაიხსნა და მასში სამშენებლო სფეროს 60-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.
„მისასალმებელია, რომ სამშენებლო სექტორში არსებული კომპანიები ძალიან დიდ დაინტერესებას გამოხატავენ“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გამოფენის გახსნის ცერემონიაზე.
როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, მიუხედავად არსებული რეგიონული და გლობალური გამოწვევებისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკაში დინამიკის შენარჩუნება.
გამოფენის ფარგლებში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ტრაპიზონის გუბერნატორთან ისმაილ უსტაოღლუსთან.
საქართველოს სამშენებლო სფეროში ბევრი რამ იცვლება
მხარეებმა შეხვედრაზე აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ბათუმსა და ტრაპიზონს შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში ურთიერთობის გაღრმავებისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.
აჭარის დედაქალაქში გამოფენა 17 მარტამდე გასტანს.