თბილისი, 11 მარტი – Sputnik. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, დევნილ ვეტერანთა 110 ოჯახს თბილისში განსახლებაზე თანხმობა ეთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
დევნილ ვეტერანთა ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ თავად მოიძიონ ბინა თბილისში, რომელსაც სააგენტო შეუსყიდის. საცხოვრებლის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება, კვადრატული მეტრის ღირებულება შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში.
უწყების ინფორმაციით, სააგენტო აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან თბილისში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებლების მშენებლობის საკითხზე.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან დევნილ ვეტერანთა ოჯახებს.
ვეტერანი დევნილების განსახლების სპეციალური პროექტი გასულ წელს პირველად განხორციელდა.
დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.