„სოფლად სახლი“ - გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სახლს შეუძენენ

© courtesy of Tusheti National Parkსახლი თუშეთის მთებში
სახლი თუშეთის მთებში - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2022
გამოწერა
„სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 300-ზე მეტ დევნილ ოჯახს სოფელში სახლს შეუსყიდის, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პროექტი „სოფლად სახლი“ 2013 წლიდან მოქმედებს. ამ პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახი თავად ირჩევს სახლს ნებისმიერი რეგიონის სოფელში, ხოლო სახელმწიფო ამ სახლის შესაძენად გარკვეულ თანხას გამოყოფს. თანხა ოჯახის სულადობაზეა დამოკიდებული.
იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს მთელი საქართველოს მასშტაბით თავად შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა მიეცათ.

ამჟამად ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე 3 ათასი ლარი ემატება. შესამამისად, 7-სულიან ოჯახს დევნილთა სააგენტო სახლს 40 ათას ლარად შეუსყიდის.

სააგენტოს ცნობით, 2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 5000 ოჯახი განსახლდება.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით, კომისიის სხდომები ყოველთვიურად გაიმართება.
„სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
ადმინისტრაციული დაპირების მქონე (რიგში მდგომ) დევნილებს, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ, შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, არ დაელოდონ მშენებლობების დასრულებას იმ მრავალბინიან კორპუსებში, სადაც მათ სახელმწიფო ბინას სთავაზობს. მათ შეუძლიათ თავად მოიძიონ საცხოვრებელი ბინა, რომელსაც შემდგომ სააგენტო შეუსყიდის. ამასთან კვადრატული მეტრის მაქსიმალური ღირებულება თბილისში 550 დოლარის, ხოლო რეგიონებში 470 დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენს. თანხის საერთო რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
იძულებით გადაადგილებულ 670 ოჯახს სოფლად საცხოვრებელი გადაეცემა >>
დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული, ეს დაახლოებით 90 ათასი ოჯახია. სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს ბინებს ოჯახებს, თუმცა ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
წყარო - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
ყველა ახალი ამბავი
0