თბილისი, 21 თებერვალი − Sputnik. დასავლეთი მზადაა რუსეთზე ზემოქმედების უმძლავრესი ბერკეტი გამოიყენოს და „ყველაზე სუსტ ადგილზე დაარტყას“ მას, თუ ის უკრაინაში შეიჭრება, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში.
პოლიტიკოსმა დააზუსტა, რომ საუბარია ახალ ეკონომიკურ სანქციებზე, რომელთა შედეგადაც „ქვეყანა პრაქტიკულად სრულად მოსწყდება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებს“.
„ჩვენ ვუპასუხებთ ყველაზე მძლავრი ბერკეტით, რაც კი გაგვაჩნია: ეკონომიკური და ფინანსური სანქციებით, იმიტომ რომ ეკონომიკა რუსეთის ყველაზე სუსტი ადგილია“, − განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან ევროკომისიის ხელმძღვანელმა არ უპასუხა შეკითხვას, იგულისხმა თუ არა ამაში რუსეთის SWIFT-ის სისტემისგან გათიშვა.
გარდა ამისა, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ეკონომიკური შეზღუდვები შეეხება „ყველა წარმოებულ საქონელს“, რომლებიც მოსკოვს ეკონომიკის მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციისთვის ესაჭიროება და რომელთა „ჩანაცვლებასაც ის ვერ შეძლებს“.
როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა განმარტა, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დიპლომატიაზე გადასვლის შანსი, ხოლო მოლაპარაკებების ფანჯარა ჯერ ისევ ღიაა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ბრიუსელმა ამ ნაბიჯების კუთხით უკვე მიაღწია თანხმობას თავის პარტნიორებთან − აშშ-თან, კანადასა და დიდ ბრიტანეთთან.
რუსეთი კვლავაც აცხადებს, რომ მისთვის მიწერილი გეგმები უკრაინაში შეჭრის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება. მოსკოვში ამბობენ, რომ ისინი არავის ემუქრებიან, ხოლო ყველა ასეთ განცხადებას ნატო იმის საბაბად იყენებს, რომ რუსეთის საზღვრებთან მეტი სამხედრო ტექნიკა განათავსოს.
დასავლეთში კი ისევ ირწმუნებიან, რომ რუსეთი უკრაინაში პროვოკაციას ამზადებს, და რომ გავრცელებული განცხადება, თითქოს სამხედრო სწავლებების შემდეგ რუსული ქვედანაყოფები უკრაინასთან საზღვრებიდან დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან, ამერიკული მხარის შეცდომაში შესაყვანი „ხრიკია“.
წყარო: ARD