თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა, ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან ერთად, მოსახლეობაში ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის ჩამოყალიბების პროცესს დააჩქარებს, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა.
საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 20 ათასს აჭარბებს, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგები ამას ახალი შტამის - „ომიკრონის“ სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ.
„მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. ქვეყანა იმყოფება დაავადების პიკის პერიოდში... ვაქცინაციასთან ერთად, ეს მომატებული შემთხვევების რაოდენობა საბოლოო ჯამში დაგვეხმარება, რომ დროულად გამოვიმუშაოთ ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი“, – განაცხადა თბილისის ოთარ ჩოკოშვილმა.
ექიმის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რეალური რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე ეს ტესტირების შედეგებით ფიქსირდება. ბოლო პერიოდის სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მესამე ტესტირებულ ადამიანს კორონავირუსი უდასტურდება.
მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონს“ სხვა შტამებთან შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, ექიმების თქმით, ეს არ იძლევა ყურადღების მოდუნების საშუალებას. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და ნიღბის ტარება.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 19.968-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.418.027-ს მიაღწია.
წყარო: „იმედი"