წინამდებარე სტატიით მინდა ეროვნული ვალუტის ბოლო პერიოდის თავგადასავალი გიამბოთ. მახსოვს, აკი შეგპირდით კიდეც.
არახალია, გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა გამყარების გზას დაადგა. იანვრის შუა რიცხვებიდან ეს პროცესი შეუქცევადი გახდა. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობდა, რომ უკვე თებერვლის პირველ რიცხვებში ლარი ამერიკული დოლარის მიმართ სამიან ნიშნულს ჩამოცდებოდა. პროგნოზი გამართლდა.
გასული კვირის მიწურულს, პარასკევს ერთი ამერიკული დოლარი 2,9867 ლარი ღირდა.
ეროვნულმა ვალუტამ მიმდინარე კვირაც აღმასვლით დაიწყო და ის COVID-19-ის პანდემიამდე პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდა. სამშაბათს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე გაცვლითი კურსი 2,9125 ლარს გაუთანაბრდა. ბოლოს ასეთი კურსი 2020 წლის 13 მარტს დაფიქსირდა.
რა ფაქტორებმა განაპირობა ეროვნული ვალუტის გამყარება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, რა ნიშნულზე დაიჭერს ლარი წონასწორობის ახალ წერტილს და როდის აისახება ეროვნული ვალუტის გამყარება ფასებზე? თანმიმდევრულად მივყვეთ.
პირველ რიგში საინტერესოა, როგორია ეროვნული ბანკის მოსაზრება. კობა გვენეტაძის უწყებაში მიაჩნიათ, რომ მოკლევადიან პერიოდში კურსის დინამიკის ახსნა შეუძლებელია. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბებაზე მიანიშნებს, რაც მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების შედეგია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში სტაბილურად მზარდია ლარში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა, რაც დედოლარიზაციის პროცესს უწყობს ხელს.
ხელისუფლების წარმომადგენლებს ლარის გამყარების მთავარ მიზეზებად მთავრობისა და ეროვნული ბანკის სწორი საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკა მიაჩნიათ. მათი შეფასებით, ამ პოლიტიკის შედეგია ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება, კერძოდ: ექსპორტის მოცულობის მომატება, საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდოს შემცირება და, რაც მთავარია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
რა თქმა უნდა, განსხვავებულია სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური ოპონენტების შეფასებები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე თვლის, რომ ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ძირითადი ფაქტორი ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემული რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირებაა. რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამჟამად ამ სესხების მოცულობა საშუალოდ 1,64 მილიარდი ლარია, როდესაც ის 2,6 მილიარდი და, ზოგ შემთხვევაში, უფრო მეტიც იყო. ამასთან ერთად რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს როგორც ლარის გაუფასურებაში, ასევე მის გამყარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
რაკი სიტყვა ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ რეფინანსების სესხებზე ჩამოვარდა, უნდა ითქვას, რომ კობა გვენეტაძის უწყებამ გასულ კვირაში 8,7 მილიარდი ლარის რეფინანსირების სესხები გასცა. ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების დაკრედიტების შემცირებით ლარის გამყარების ვერსიას, რომელიც რომან გოცირიძეს ეკუთვნის, საფინანსო ბაზარი არ იზიარებს. ანალიტიკოსების შეფასებით, დასკვნის გაკეთება გრძელვადიანი ტრენდით არის შესაძლებელი და არა წინა თვეებთან შედარებით. მართალია, დეკემბერთან შედარებით კლება 3 მილიარდი ლარია, მაგრამ გასული წლის ანალოგიური პერიოდის მოცულობაც 8 მილიარდ ლარამდე იყო.
დროა საფინანსო სფეროს ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს მოვუსმინოთ. მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, რომ მათი უმრავლესობა ეროვნული ვალუტის გამყარების ძირითად მიზეზებად გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას, მთავრობის ხარჯის შენელებულ ტემპსა და ე.წ. პოზიტიურ მოლოდინებს ასახელებს.
ლარის გამყარების ძირითადი მიზეზები ხაზგასმულია „თიბისი კაპიტალის“ ექსპერტთა ჯგუფის კვლევაში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეროვნული ვალუტის მიმდინარე გამყარება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, გაზრდილი სავალუტო შემოსავლებისა და თავად ლარის სტაბილურობის შედეგია. კვლევის ავტორთა შეფასებით, ძალიან ხშირად სწორედ მიმდინარე კურსი განსაზღვრავს სამომავლო მოლოდინების ხასიათს.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, ლარის გამყარება მოსალოდნელი იყო. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად ამ პროცესს ხელი შეუწყო ეროვნული ბანკის პოლიტიკამ, რომელიც კომერციული ბანკებისთვის ლარის გაძვირებისკენ იყო მიმართული.
„ლარის გამყარების ასეთი ტენდენცია მთლად უჩვეულო მოვლენა ნამდვილად არ არის. როგორც წინასაახალწლოდ, ისე ნაახალწლევს ეროვნული ვალუტა ყოველთვის გამყარებულია. ამ პერიოდში ტრადიციულად ლარზე მოთხოვნა მზარდია ხოლმე, თუმცა ამჯერად ეროვნული ვალუტის გამყარება მეტ-ნაკლებად განაპირობა გონივრულმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც გასული წლის მეორე ნახევარში ეროვნულმა ბანკმა მიიღო. მათ შორის პირველ რიგში მინდა აღვნიშნო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და საბანკო სექტორისთვის რეფინანსირების სესხების შემცირებული მოცულობით მიწოდება“, − აცხადებს ანალიტიკოსი ლადო პაპავა.
ასეა თუ ისეა, ფაქტია, ლარი მყარდება და ახლა უკვე საინტერესოა, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი. ამთავითვე უნდა ითქვას, აკადემიურ წრეებში ეროვნული ვალუტის კურსის პროგნოზირება უჭირთ. ანალიტიკოსების შეფასებით, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარება თუ გაუფასურება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, გლობალურად მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები; პოლიტიკური სტაბილურობა და ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში...
„შეუძლებელია იმის თქმა, რამდენ ხანს შეძლებს ეროვნული ბანკი ლარის ამ ნიშნულზე შენარჩუნებას. თანაც ეროვნული ბანკი დიდად არც ფიქრობს გაცვლით კურსზე და მისთვის მთავარია ინფლაციური პროცესი შეაჩეროს. ზოგადად, გაცვლითი კურსის პროგნოზირება ყველაზე უმადური საქმეა, იმიტომ რომ ის უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ცენტრალური ბანკები იღებენ. ამიტომ იმის თქმა, რა მოუვა ლარს ხვალ და ზეგ, პრაქტიკულად შეუძლებელია“, − აცხადებს ლადო პაპავა. მისი თქმით, დღეს გაცილებით დიდი გამოწვევაა ინფლაცია და, შესაბამისად, მთავრობისა და ეროვნული ბანკის ძალისხმევა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისკენ უნდა იყოს მიმართული.
ფრთხილი, ზომიერად პესიმისტურია „თიბისი კაპიტალის“ ექსპერტთა პროგნოზი. მათი მოსაზრებით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა.
„ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია. სამომავლოდ მისი დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტება გაცილებით მოსალოდნელია, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება“, − აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ექსპერტთა ჯგუფის კვლევაში.
და, ბოლოს, რა დასამალია, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების შედეგად მოსახლეობა დოლარში აღებული კრედიტების გაიაფებასა და ფასების შემცირებას ელოდება. საკამათო არ არის, რომ დოლარის შესაძენად ნაკლები ლარი დაიხარჯება და საკრედიტო ტვირთი შემსუბუქდება. აი, რაც შეეხება ფასებს, როგორც ჩანს, ერთხანს მაინც სიკეთის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.
„უახლოეს პერიოდში პროდუქტებზე ფასის კლებას არ უნდა ველოდოთ. უახლოესი სამი თვის განმავლობაში არაფერი არ იქნება“, − ეს „იმედისმომცემი“ სიტყვები დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ივა ჭყონიას ეკუთვნის. მისი თქმით, ფასები არ დაიკლებს, რასაც ბევრი მიზეზი აქვს. კერძოდ, ფასები მკვეთრად გაზრდილია საერთაშორისო ბაზარზე. ამასთან, მომატებულია კომუნალური ტარიფები, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება არა მხოლოდ წარმოებაზე, არამედ შენახვასა და სასაწყობე მეურნეობაზე. როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ გაზრდილია ნედლეულის ფასიც და, რაც უმნიშვნელოვანესია, სულ უფრო იზრდება საწვავის ფასი. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე იმპორტიორებში ლარისადმი არსებულ უნდობლობაზეც მიანიშნებს.
„ეროვნული ვალუტის მიმართ არავითარი ნდობა არ არსებობს და არც ის ვიცით, რა ამყარებს ლარს. რეალურად, ქვეყნის ეკონომიკას ლარის ტენდენცია აცდენილია. შესაბამისად, უახლოესი პერიოდი პროდუქტებზე ფასის კლებას არ უნდა ველოდოთ. უახლოესი სამი თვის განმავლობაში არაფერი არ იქნება. აპრილიდან, ცოტა რომ დათბება, შეიძლება ცვლილებები, და ისიც სეზონურ პროდუქციაზე“, − აცხადებს ივა ჭყონია.
ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, ყველა სიკეთე ერბაშად არ იქნება. ამ ეტაპზე ლარის გამყარებასა და საკრედიტო ტვირთის შემსუბუქებას უნდა დავჯერდეთ. რაც შეეხება ფასების კლებას, ამის მოლოდინი საგაზაფხულოდ უნდა გვქონდეს. რა გაეწყობა, დაველოდოთ. თუ მავანთ დათბობასთან ერთად ოპოზიციის გაცოცხლების სჯერათ, ფასების შესაძლო კლებასაც დაიჯერებენ...
სამსონ ხონელი