თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა „ომიკრონის“ გავრცელების პიკურ პერიოდში იმყოფება, ინფიცირების მაჩვენებელი კი დაახლოებით ორი კვირის შემდეგ დაიწყებს კლებას.
საქართველო „ომიკრონ" შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონთანაა" დაკავშირებული ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები". 2 თებერვალს დაფიქსირდა კორონავირუსის რეკორდული, 26.320 ახალი შემთხვევა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1,3 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 15 ათასს გადააჭარბა.
როგორც ტაბიძემ განაცხადა, ინფიცირებულების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში ჯანდაცვის სექტორს გაუჭირდება. ამ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის ძალიან დიდი რაოდენობაა ინფიცირებული და ადამიანური რესურსები სწორად უნდა გადანაწილდეს.
სპეციალისტის განცხადებით, მოსახლეობამ ვირუსებთან ერთად თანაცხოვრება უნდა ისწავლოს, ნიღბის ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვასა და ვაქცინაციას კი კვლავ დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს.
„ნიღბის ტარებაზეც კი პრეტენზიაა, არათუ ვაქცინაციაზე, რომელიც გადარჩენის ერთადერთი გზა არის. ნიღბის ტარება, სულ მცირე, ერთი წელი მაინც მოგვიწევს. რეალურად ნიღაბი და სოციალური დისტანცია არის ასეთი ტიპის ვირუსების ერთადერთი საკონტროლო და გადარჩენის გზა“, – აღნიშნა დევი ტაბიძემ.
ტაბიძის განცხადებით, ინფიცირებული ადამიანების რეალური რაოდენობა გაცილებით დიდია, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახში რამდენიმე წევრია სიმპტომიანი, თუმცა მხოლოდ ერთი იკეთებს ტესტირებას.
„ეს ძალიან დიდ აცდენას გვაძლევს სტატისტიკურ მონაცემებში. ასეთი ტიპის ოჯახები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შემთხვევები არის ერთი ოთხზე. ანუ, თუ ვამბობთ, რომ დაინფიცირებული არის 25 ათასი, გვაქვს რეალური შემთხვევა 100 ათასი, რომელიც ბინაზე მკურნალობს“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.
ეპიდემიოლოგების განმარტებით, მიუხედავად ფართო გავრცელებისა, „ომიკრონი" შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის იგი შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორც წინა შტამები. ინფექციისგან თავდაცვის საშუალება კი კვლავ ვაქცინაცია, პირბადის ტარება და კოვიდ-რეგულაციების დაცვაა.