ვის შეეხება დენისა და წყლის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების პროგრამა

საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 2021 წლის 1 იანვრიდან 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრით გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, წლის ბოლომდე მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას გაძვირებული კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას გაუწევს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, შეღავათები შეეხება სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებს. საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 2021 წლის 1 იანვრიდან 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრით გაიზარდა.
სუბსიდიას მიიღებენ 70.000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარენ ისინი, და გადაიხდიან ყოველ მოხმარებულ 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე 3,5 თეთრით ნაკლებს, ვიდრე ისინი, ვისაც შეღავათი არ ეკუთვნის.
სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70.000-დან 150.000-მდეა, სახელმწიფო განახორციელებს ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირებას 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით, გარდა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა.
არასწორად დარიცხული თანხა აბონენტებს დაუბრუნდებათ? სემეკი „თელმიკოსა" და „თელასში" შედის
ეს შეღავათი გათვალისწინებულია 2022 წლის ბოლომდე.
რაც შეეხება თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს, ისინი სუბსიდიას სახელმწიფოსგან 1 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე მიიღებენ.
70.000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში ან მცხეთაში, 2022 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში მიიღებენ სასმელი წყლის სუბსიდიასაც მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით, აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამჟამად საქართველოში 310.000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახია რეგისტრირებული.
წყარო: საქართველოს მთავრობა