ვახტანგ გომელაურმა დაასრულა ვიზიტი სომხეთში

ქართული დელეგაციისთვის სომეხმა ძალოვნებმა საჩვენებელი წვრთნები მოაწყვეს.
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სომხეთში ვიზიტი დაასრულა. ინფორმაციას უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს.
ვიზიტის მსვლელობისას გომელაური შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და ქვეყნის პოლიციის უფროსს ვაგე კაზარიანს.
სომხეთის მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე გომელაურმა ფაშინიანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სომხეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია.
მხარეებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნითა და საერთაშორისო დანაშაულთან ეფექტური ბრძოლისთვის საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
კონსტრუქციული იყო ქართველი მინისტრის შეხვედრა თავის სომეხ კოლეგა კაზარიანთან.
შეხვედრის შემდეგ ქართული დელეგაციისთვის სომეხმა ძალოვნებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს. სპეცრაზმელებმა წარმოადგინეს ბრძოლის წარმოების ტაქტიკის პრაქტიკული ელემენტები და ტერორისტული დაჯგუფების განიარაღების ოპერაციის იმიტაცია.
ვახტანგ გომელაური ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა>>
ვახტანგ გომელაურმა და ქართული დელეგაციის წევრებმა მოინახულეს წიწერნაკაბერდის კომპლექსი, პატივი მიაგეს 1915 წელს დაღუპული სომხების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
გომელაურმა და მისმა მოადგილეებმა დაათვალიერეს სომხეთის პოლიციის ძალები, მათი შეიარაღება, სპეცსაშუალებები, ჯავშანტექნიკა და პოლიციის ავტომობილები.
სომხეთის პოლიციის უფროსის ვაგე კაზარიანის ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საქართველოს დელეგაციის წევრები დაჯილდოვდნენ მედლით „თანამშრომლობის გაძლიერებისათვის".
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილეები იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი.
თბილისში ქართულ–სომხური სამართლებრივი ფორუმი თებერვალში გაიმართება
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრი მიმართულებით თანამშრომლობენ, განსაკუთრებით ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში.
დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა ერთმანეთთან გააფორმეს საერთაშორისო მნიშვნელობის 88 დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა სფეროებში.