თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინირების საკითხი შევიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას განცხადებით, 2022 წლის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დღეს იმუნიზაციის საბჭომ განიხილა და ის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. აღნიშნული გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინაცია, ე.წ. ბუსტერ–დოზით ვაქცინაციის გაგრძელება და ივლისამდე მოსახლეობის 70%-ის აცრა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, 12 წლამდე ბავშვებს განსხვავებული დოზის ვაქცინა სჭირდებათ.
„12 წლის ზემოთ ისედაც მიმდინარეობს ვაქცინაცია. 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა და ამასთან დაკავშირებით გვაქვს წინასწარი მოლაპარაკება მწარმოებლებთან", – განაცხადა გაბუნიამ.
ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინაზე, რომელიც ამ ეტაპზე მცირე ასაკის ჯგუფებში გამოსაყენებლად ჯანმოს მიერ რეკომენდირებული ერთადერთი პრეპარატია.
როგორც ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველო კომპანია Pfizer-თან დამატებით 2 მლნ დოზა ვაქცინის შესყიდვაზე მართავს მოლაპარაკებებს. მათ შორის, საუბარია ბავშვების დოზებზე. მისი თქმით, 5-11 წლის ბავშვების დოზები 12 წელს ზემოთ მოზარდების დოზებისგან განსხვავდება.
საქართველოში რისკ-ჯგუფში შემავალი 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. იმუნიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის გამო მიიღო.
მსოფლიოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ ისრაელში, კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.