თბილისი, 25 იანვარი − Sputnik. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ავსტრალიის გადაწყვეტილება დიპლომატებისა და მათი ოჯახების უკრაინიდან ევაკუაციის შესახებ ნაადრევი იყო, მიაჩნია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას.
მისი აზრით, დიპლომატების გასაყვანად ობიექტური მიზეზები ჯერჯერობით არ არსებობს და ამიტომ უკრაინაში მოქმედი სხვა 129 დიპლომატიური წარმომადგენლობა ევაკუაციას არ ატარებს.
„ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ამ მომენტისთვის საელჩოების თანამშრომლების ოჯახების ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება ნაადრევია. ამ დროისათვის საამისოდ ობიექტური, რეალური პირობები არ არსებობს. არანაირად არ მსურს ვითარების, საფრთხის, მისი განვითარების პერსპექტივის დონის შემცირება, მაგრამ ყველაფერი დროულად და გააზრებულად უნდა კეთდებოდეს“, − განაცხადა მინისტრმა ტელეარხ ICTV-ის ეთერში.
დასავლური მედია გასული წლიდან იუწყება, რომ რუსეთი, რომელმაც უკრაინასთან საზღვარზე ასი ათასზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა თავი, ქვეყანაში შეჭრას აპირებს. შესაძლო ესკალაციის ფონზე, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა 24 იანვარს უკრაინიდან საკუთარი დიპლომატების ევაკუაცია დაიწყეს. იმავე დღეს, ოდნავ მოგვიანებით, გერმანიამ და ავსტრალიამაც განაცხადეს, ისინიც იწყებდნენ უკრაინიდან დიპლომატების გაყვანას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ქვეყნების გადაწყვეტილება „უცნაურად“ შეაფასა.