თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმპორტიორებს თურქეთიდან მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდებს, რაც მედიკამენტებზე ფასების შემცირებას ხელს შეუწყობს.
როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, იგი აღნიშნულ პროცესს თვალს ადევნებს.
„დაპირებისამებრ, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი. ახლა ჩვენ იმპორტიორებისგან ველოდებით ხარისხიანი და იაფი მედიკამენტების დროულ შემოტანას. მინისტრი აზარაშვილი აქტიურად არის ჩართული. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმპორტიორებს, რომ დროულად მოხდეს მედიკამენტების შემოტანა, რაც ჩვენი ვარაუდით, ძალიან მალე გააიაფებს მედიკამენტებზე ფასებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოში წამლების ფასები ძალიან მაღალია და ამ მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღება აუცილებელია. როგორც მან განმარტა, ფარმაცევტული ბაზარი საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის, წამლების ფასების დარეგულირებას. ხელი მოეწერა მთავრობის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი და საქართველოში შემოვა GMP სტანდარტების შესაბამისიმედიკამენტები.
საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გააუმჯობესებს ვითარებას ფარმაცევტულ ბაზარზე როგორც ფასების რეგულირების, ისე მედიკამენტების ხარისხის მხრივ. მალე პროცესს საპარლამენტო კომიტეტები შეუერთდებიან. ღარიბაშვილის დავალებით ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი.
როგორც გასულ კვირაში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველოში მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანა გაზრდის კონკურენციას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფასების შემცირებას.
დღეს საქართველოს არაერთი მოქალაქე წამლების შესაძენად თურქეთში მიემგზავრება, რადგან მგზავრობის ხარჯის გათვალისწინებითაც კი მათ წამლების ყიდვა მეზობელ სახელმწიფოში უფრო იაფი უჯდებათ.