ახალი წლის პირველი თვის პირველი ნახევარი და მასთან ერთად საახალწლო განწყობაც გაილია, ცხოვრება თანდათან ჩვეულ რიტმს უბრუნდება... ტრადიცია არ დამირღვევია, გასული წლის ეკონომიკურ თავგადასავალზე წინა ორ სტატიაში დაწვრილებით გიამბეთ და ახლა დროა, მომდევნო სტრიქონები აწმყოსა და მომავალზე მსჯელობას დავუთმო...
მიმდინარე წლის საფინანსო-ეკონომიკურ ტენდენციებზე საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან ნაადრევია, თუმცა, უკვე დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროცესებზე განსაკუთრებული გავლენა COVID-19-ის პანდემიას და კერძოდ, ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ექნება. ამ კონტექსტში ხელისუფლების პროგნოზი ოპტიმისტურია. მთავრობას წელს პანდემიის დასრულების მოლოდინიმ აქვს, რაც მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე აისახა. კერძოდ, გასულ წელთან შედარებით, 2022 წელს ქვეყნის საერთო ყულაბიდან დაახლოებით 330 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება და ხელისუფლების განმარტებით, საბიუჯეტო ასიგნებების კლება დიდწილად სწორედ COVID-19-ის პანდემიის მართვაზე მიმართული ფინანსების შემცირებას უკავშირდება... კი, მაგრამ სულ რამდენის დახარჯვას გეგმავს მთავრობა? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. შეკითხვას უპასუხოდ არ დავტოვებ და, მეტიც წინამდებარე სტატიას მიმდინარე წლისათვის გათვალისწინებულ ხარჯებზე თხრობას დავუთმობ. თანმიმდევრულად მივყვეთ...
მართალია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 66 მილიონი ლარით შემცირდა, უწყების დაფინანსება მაინც ყველაზე მაღალია და ის 6,03 მილიარდ ლარს შეადგენს.
მათ შორის: 4,553 მილიარდი ლარი ანუ ჯამური საბიუჯეტო ასიგნებების 75 პროცენტზე მეტი სოციალური პროგრამებისთვის გამოიყო. ამ თანხაში შედის გაზრდილი პენსიებისთვის საჭირო ფინანსებიც. მოგეხსენებათ, რომ იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერები 20 ლარით მეტს 260 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერები კი 25 ლარით მეტს 300 ლარს იღებენ. სოციალური დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ვეტერანებსაც გაეზარდათ. რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია COVID-19-ის პანდემიის მართვის ხარჯებიც, რაც 500 მილიონ ლარს შეადგენს... თუმცა ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, რაც მაღალი ალბათობით ახალი შტამის (ომიკრონის) გავრცელების შედეგი იქნება, ეს თანხა საკმარისი არ იქნება და მთავრობას ბიუჯეტის კორექტირება მოუწევს.
საბიუჯეტო ასიგნებათა მოცულობით მომდევნო პოზიცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკავია. უწყების ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით, 439,3 მილიონი ლარით 2,895 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ამ თანხის დიდინაწილი საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის უნდა დაიხარჯოს.
პირველ სამეულშია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც, რომლის საბიუჯეტო დაფინანსება 1, 637 მილიარდი ლარია. უწყება წელს 112.7 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს და თანხა ძირითადად სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ზრდას მოხმარდება.
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1,002 მილიარდი ლარია. გასულ წელთან შედარებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე წელს 72 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. საინტერესოა, კონკრეტულად რას მოხმარდება საბიუჯეტო ასიგნებათა ნამატი. ცნობილია, რომ პერსონალის ხელფასებზე 47 მილიონი ლარით მეტია გათვალისწინებული. სრულად უწყების სახელფასო ფინდი კი 477 მილიონი ლარია.
ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება 932 მილიონ ლარს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით, 290 მილიონით მეტია. საბიუჯეტო ასიგნებათა დიდი ნაწილი მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებს; მთის კურორტების განვითარებას, მათ შორის, მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობას მოხმარდება. ინტერნეტიზაციის პროექტისთვის 34 მილიონი ლარია გამოყოფილი. მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73,6 მილიონი ლარი დაიხარჯება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით, 35,5 მილიონი ლარით შემცირდა და 593 მილიონი ლარია. სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, გამოიყო 262 მილიონი ლარი. ამ თანხაში შედის შეღავათიანი აგროსესხის პროცენტის სუბსიდირებისთვის გათვალისწინებული 121 მილიონი ლარი. აგროდაზღვევის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტით 12 მილიონი ლარია გამოყოფილი.
მოკლედ მოგახსენებთ სხვა სამინისტროთა საბიუჯეტო დაფინანსების მოცულობაზეც... შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 85 მილიონი ლარით გაიზარდა და 865 მილიონ ლარს შეადგენს. კულტურის, სპორტისა დაახალგაზრდობის სამინისტრო 357,8 მილიონი ლარით დაფინანსდა, რაც გასული წლის ასიგნებას 6,2 მილიონი ლარით აღემატება. გასულ წელთან შედარებით, 14 მილიონი ლარით გაიზარდა იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი. წელს უწყების დაფინანსება 310.6 მილიონი ლარია. ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყება წელს 5,9 მილიონი ლარით მეტის დახარჯვას გეგმავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 176,6 მილიონი ლარია. საინტერესოა, როგორია ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი. უწყება წელს 16,5 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს, ხოლო მთლიანი ბიუჯეტი კი 105,4 მილიონი ლარია.
საგულისხმოა, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში, მაშინ როდესაც პოლიტიკური ოპონენტები და ანალიტიკოსები ხელისუფლებას ქამრების მოჭერისკენ მოუწოდებენ, მთავრობა 332 მილიონი ლარით გაზრდის ადმინისტრაციულ ასიგნებებს, შესაბამისად, ბიუროკრატიული ხარჯები გაიზრდება. გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება სახელმწიფო უწყებებში პერსონალის შრომის ანაზღაურებისთვის, სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებისთვის, ავტოპარკის განახლებისათვის.
ორიოდე სიტყვა ბიუჯეტის სხვა პარამეტრებზე... მიმდინარე წლის ბიუჯეტში მთავრობა 19,362 მილიარდი ლარის შემოსავალს გეგმავს. მთავრობა ვარაუდობს, რომ 132 მილიონი ლარით გაიზრდება და 13,4 მილიარდ ლარს მიაღწევს საშემოსავლო, აქციზის, მოგების, დამატებითი ღირებულების გადასახადისა და სხვა გადასახადებით მობილიზებული თანხები. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის შევსება გათვალისწინებულია საგარეო თუ საშინაო ვალებითა დაგრანტებით... აქვე აღვნიშნავ, რომ მთავრობა დაახლოებით 3 მილიარდი ლარის ა ხალსაგარეო ვალს აიღებს, რასაც 1,3 მილიარდი ლარის საშინაო ვალიდაემატება, რომელსაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მოიზიდავს. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, მცირე საინვესტიციო პროექტებისთვის მთავრობა საგარეო ვალსაღარ აიღებს. ამ ტიპის პროექტები დაბიუჯეტიდან დაფინანსდება. სულმიმდინარე წლისთვის სახელმწიფო ვალი33,1 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაცმთლიანი შიდა პროდუქტის51.1 პროცენტია. ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, ქვეყნის ფინანსური მდგრადობისთვის საგარეო ვალის კიდევ უფრომეტად შემცირებაა საჭირო. რადგან COVID-19-ის პანდემიის პირობებში მაკროეკონომიკური შოკის გამეორების ალბათობა ძალიან მაღალია დავალი, შესაძლოა, კანონით განსაზღვრულ 60 პროცენტიან ნიშნულს გადასცდეს.
და ბოლოს, როგორია ეკონომიკური ზრდის პროგნოზი? როგორც მთავრობა ვარაუდობს, მიმდინარე წელს ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზრდება. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა კი 65 მილიარდ ლარს გაუტოლდება. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, ის 4.4 პროცენტამდე შემცირდება. გასლ წელს ეს მაჩვენებელი 6,6 პროცენტი იყო. მნიშცნელოვანია, რომ მთავრობა წლიური ინფლაციის 2,5 პროცენტამდე შემცირებასაც ელის... და კიდევ, სახელმწიფო ბიუჯეტში ამერიკულ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის სავარაუდო გაცვლით კურსად 3,12 ნიშნულია აღებული. რაკი, ეროვნული ვალუტა ვახსენეთ, გეტყვით, რომ მიმდინარე წელს ლარი ჯერჯერობით გასული წლის გაზაფხულზე გამოკვეთილი გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს...
დღეისათვის სულ ეს იყო, საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით...
სამსონ ხონელი