როდის იგრძნობს მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას, ანუ რაზე მეტყველებს სტატისტიკა?

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
მზარდი ეკონომიკა და დამძიმებული სოციალური ფონი, გაძვირებული ცხოვრება და გაზრდილი საარსებო მინიმუმი, ორნიშნა ინფლაცია და ფულადი გზავნილების გაზრდილი მოცულობა... როდის იგრძნობს მოსახლეობა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას?
შემოდგომიდან მოყოლებული, ხელისუფლების წარმომადგენლები სიამაყით აღნიშნავენ, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი ორნიშნა მაჩვენებლით იზომება.
„მიმდინარე წლის ბოლო ოთხ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. დღეს არა მარტო რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს“, − აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6 პროცენტი, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება.
ეს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშებით საქართველოს ისტორიულ მაქსიმუმზე გაიყვანს და ეს მაჩვენებელი 5.500 ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს.
პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ მთავრობა თანდათან სახელმწიფო ვალსა და საბიუჯეტო დეფიციტსაც შეამცირებს. რა დრო დასჭირდება ხელისუფლებას დანაპირების შესასრულებლად – დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ეკონომიკური ზრდის საკითხს დავუბრუნდეთ.
ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკას სტატისტიკური მონაცემებიც ამყარებს. ეკონომიკური ზრდის ნოემბრის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ოქტომბერში კი ეკონომიკურმა ზრდამ 11,3 პროცენტი შეადგინა.
ვალუტის გამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
სად გარბის ლარი? ანუ ეროვნული ვალუტის წინასაახალწლო განწყობა
თუ ამ მაჩვენებელს 2019 წლის, ანუ COVID-19-ის პანდემიის წინა პერიოდის ციფრებს შევადარებთ, დავადგენთ, რომ ზრდა 6,3 პროცენტია. არც ეს არის ურიგო მაჩვენებელი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებული რეალური ეკონომიკური ვითარება ოფიციალური ციფრებისგან რადიკალურად განსხვავდება. ორნიშნა ინფლაცია და ფასების მკვეთრი ზრდა, მძიმე სოციალური მდგომარეობა, უმუშევრობა, რაც 22 პროცენტს აჭარბებს და მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34,2 ლარით გაზრდილი საარსებო მინიმუმი − ასეთია ჩვენი დროების მძიმე ყოფის არასრული დახასიათება.
ეროვნული ვალუტის ბოლო წლების თავგადასავალსა და ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ამ ცოტა ხნის წინ ვწერდი და თავს აღარ შეგაწყენთ. მაინც რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა და, საინტერესოა, მოსახლეობა საკუთარ ჯიბეზე რატომ ვერ გრძნობს ამ სიკეთეს? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი და მართალიც იქნება. რა გაეწყობა, ვეცდები დასმულ შეკითხვას მომდევნო სტრიქონებში ვუპასუხო.
ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის არის ე.წ. საბაზო ეფექტიც.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის მონაცემის დასადგენად მიმდინარე თვის მაჩვენებელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ადარებს. გასული წლის ოქტომბერში კი საქართველოს ეკონომიკა არათუ გაიზარდა, არამედ 5 პროცენტით შემცირდა, რაც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა.
ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
რა ბედი ეწევა საპენსიო დანაზოგს?
ამ ე.წ. საბაზო ეფექტის გარდა, ეკონომიკის აღდგენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გაზრდილმა მოხმარებამ. გაზრდილია არა მხოლოდ სამთავრობო ხარჯები, არამედ მოხმარების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია კერძო სექტორშიც. ცალკეული მიმართულებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ზრდა არის: საფინანსო და სადაზღვევო მომსახურების; გადამამუშავებელი მრეწველობის; სატრანსპორტო მომსახურების; ვაჭრობის; ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების; სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურების სფეროებში. გაზრდილია მოთხოვნა უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზეც.
„ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი დიდწილად დაგროვებულმა მოთხოვნამ განაპირობა. როგორც კომპანიებმა, ისე კერძო პირებმა ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის გამო თავიანთი სურვილებისა და გადაწყვეტილებების რეალიზაცია სამომავლოდ გადადეს და მოგვიანებით განახორციელეს. ამან მოხმარება მკვეთრად გაზარდა. ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავლენა მთავრობის გაზრდილ ხარჯებსაც ჰქონდა“, − აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი პაპავა.
ერთი სიტყვით, ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორად ე.წ. საბაზისო ეფექტი და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონომიკურ საქმიანობაზე გაზრდილი მოხმარებაა დასახელებული.
დროა ვუპასუხოთ წინამდებარე სტატიის დასაწყისში მკითხველის მიერ დასმული შეკითხვის მეორე ნაწილსაც − მოსახლეობა საკუთარ ჯიბეზე რატომ ვერ გრძნობს ამ სიკეთეს? მარტივი არ არის მკითხველს აუხსნა, რატომ ვერ ხედავს იმას, რაც ციფრებში ჩანს, თუმცა კი ვეცდები. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ეკონომიკის ზრდის ეფექტი რომ ვიგრძნოთ, ამას მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ხანგრძლივი და, რაც მთავარია, სტაბილური პროცესი სჭირდება.
ვალუტის გამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
ვის რამდენით და რატომ გაუძვირდა კრედიტი?..
„გარკვეული დროა საჭირო, რომ ბიზნეს-სექტორი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის წინა პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდეს. ეკონომიკის აღდგენა მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო, რაც დასაქმების პროცესზე ჯერ არ ასახულა. ეკონომიკური რეცესიის გამო უამრავი სამუშაო ადგილი დაიკარგა და აღსადგენია. ამიტომ ადამიანებისთვის აღქმა, რომ თავი უკეთ იგრძნონ, რთულია. მთავარია, ეკონომიკის აღდგენა მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც სტაბილურად გაგრძელდეს. სულ უფრო მეტი და მეტი დოვლათი უნდა იქმნებოდეს ქვეყანაში, რომ ეს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს“, − აცხადებს გიორგი პაპავა.
შეგახსენებთ, ხელისუფლება მიმდინარე წლის ბოლოსთვის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს. განსხვავებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი. ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის გათვლებით, საქართველო ახალ წელს ეკონომიკის ზრდის 7,5 პროცენტის მაჩვენებლით შეხვდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, ტურიზმის ეტაპობრივმა აღდგენამ შეიძლება ეკონომიკას სტიმული მისცეს და მომავალ წელს ის 5,5 პროცენტით გაიზარდოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლისთვის ეს ჩვენს რეგიონში ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სომხეთში 5,3 პროცენტი, თურქეთში 3,5 პროცენტი, აზერბაიჯანში 3,2 პროცენტი და რუსეთში 3 პროცენტი იქნება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეფასებით, ვაქცინაციის საკმაოდ ნელი ტემპი, COVID-19-ის პანდემია და ეპიდვითარების გაუარესებით გამოწვეული შესაძლო შეზღუდვები და პოლიტიკური არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან რისკებს უქმნის. ეს შეიძლება ნაწილობრივ ფულადი გზავნილების ზრდამ და შიდა მოხმარებაზე მისმა გავლენამ დააკომპენსიროს. სიტყვა ფულად გზავნილებზე ჩამოვარდა და აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 207 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. 11 თვის მაჩვენებელმა კი 2,12 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25,7 პროცენტით აღემატება. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ფულადი გზავნილების მოცულობა მიმდინარე წლის ბოლომდე ახალ რეკორდს დაამყარებს. დრო გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0