თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. 2021 წელს საქართველომ 62 ქვეყანაში 107 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს ექსპორტირებული ღვინის მოცულობა და ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 16%-ით გაიზარდა.
„მინდა, რამდენიმე შედარებითი მაგალითი მოვიყვანო – 2012 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 360%ით არის გაზრდილი. ასევე 2012 წელს ექსპორტით მიღებული შემოსავალი თუ იყო71 მლნ დოლარი, გასულ წელს მან 250 მლნ დოლარი შეადგინა. აი, ასეთი დიდი სხვაობა გვაქვს ბოლო 8-9 წელში, რაც რეკორდული მაჩვენებელია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის იმპორტიორ-ქვეყნებს შორის პირველი ადგილი რუსეთს უკავია, სადაც 62 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა - ექსპორტის საერთო მოცულობის 57%.
გარდა ამისა, 2021 წელს ესპორტირებულია 42,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, 1 1მლნ ბოთლი ჭაჭა. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 78,3 მლნ დოლარს შეადგენს, რაც 2020 წელთან შედარებით 19%-ით მეტია, ჭაჭის ექსპორტმა კი 2,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 126%-ით მეტია.
მთლიანობაში, გასულ წელს ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 400 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე და 142%-ით მეტია 2012 წელთან შედარებით.
უწყების ცნობით, ღვინის ექსპორტი 441 ქართულმა კომპანიამ განახორციელა, მაშინ როდესაც 2012 წელს ექსპორტსმხოლოდ 100 კომპანია აწარმოებდა.