გაგუდა და გაზი მოუშვა: ლაგოდეხში ქალის გარდაცვალების ფაქტზე მისი ყოფილი ქმარი დააკავეს

თავდაპირველად ქალის გარდაცვალების მიზეზად მხუთავი აირით ინტოქსიკაცია დასახელდა
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს, იუწყება „მთავარი არხი“.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხში სავარაუდოდ მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 35 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. ახლობლებმა ის სახლში, სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს.
დღეს კი პოლიციამ მისი ყოფილი მეუღლე დააკავა.
კაცმა სავარაუდოდ, ქალი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი სახლში გაზი მოუშვა და დატოვა. ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ის ბავშვებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი იყო.