პიოტრ აკოპოვი
დასავლეთთან რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დამთავრდა: ჟენევასა და ბრიუსელში რუსეთ–ამერიკისა და ნატოსთან მოლაპარაკებები უკვე ჩატარდა. დღეს ვენაში გაიმართება შეხვედრა უეთოს ფორმატში, თუმცა მას ფორმალური ხასიათი ექნება. როგორია შედეგი? ვინ ვის?
არავინ ელოდა, რომ აშშ რუსეთის მიერ უპრეცედენტოდ ხისტად გაფორმებულ წინადადებებს მიიღებდა, ვინაიდან მათგან ყველაზე მთავარი — ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმა (საუბარი უპირველესად უკრაინას ეხება) ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მოსკოვს ალიანსის გაფართოებაზე ვეტოს დადების უფლება ენიჭება.
ვაშინგტონს, სურვილიც რომ ჰქონოდა, ამაზე წასვლა არ შეეძლო — ეს არა მარტო კიევის ხელისუფლების სრულ დემორალიზაციას, არამედ ალიანსის ევროპელი წევრების ბუნტსაც გამოიწვევდა.
არა იმიტომ, რომ ისინი უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე ოცნებობენ, ან მისი ატლანტიზაციის დაწყებაზე — ეს საკვანძო კონტინენტურ „დერჟავებს“ სრულებით არაფერში სჭირდებათ. ეს იმიტომ, რომ აშშ-ის მოსკოვთან შეთქმულება მოკავშირეების მოსაზრებების სრულ უგულებელყოფად შეფასდებოდა.
„ანგარიშს არ გვიწევენ, არადა, ტრამპი შეიძლება ისევ დაბრუნდეს თეთრ სახლში და მაშინ ამერიკა საერთოდ ბედის ანაბარა მიგვატოვებს“ — ასეთი განწყობა ფრიად გავრცელებულია დამოუკიდებლობის პრეტენზიების მქონე, ოღონდ არათვითკმარ ევროპულ დედაქალაქებში.
ამიტომ მოლაპარაკებების შედეგი მთავარ საკითხში წინასწარ იყო განსაზღვრული: სახელმწიფო მდივნის მოადგილე შერმანმაც და ნატოს გენმდივანმა სტოლტენბერგმაც რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დაადასტურეს, რომ რუსები ვერ ეღირსებიან ვერანაირ დაპირებას იმის თაობაზე, რომ უკრაინას ნატოში არ მიიღებენ.
„ყველა მოკავშირე თანხმდება იმას, რაც ალიანსის მთავარ პრინციპს ეხება: თითოეულ ქვეყანას უფლება აქვს, თავად აირჩიოს საკუთარი გზა. მხოლოდ უკრაინას და ალიანსის 30 წევრს შეუძლიათ გადაწყვიტონ, როდის იქნება კიევი მზად, რომ ალიანსის წევრი გახდეს... მთელი ეს იდეა იმაზეა, რომ „თქვენ ჩემ გვერდით ხართ და ამიტომ არ გაქვთ უფლება, გააკეთოთ ის, რაც გსურთ“. ეს გავლენის სფეროს აღორძინების მცდელობაა... ეს ძალიან სახიფათო გზაა“.
ნატოს აგრესიულობა სტოლტენბერგმა უარყო, განაცხადა რა, რომ ალიანსის გაფართოება საშიში არ არის, ვინაიდან დემოკრატია ამგვარად ვრცელდება. მაგრამ ევროპაში სამხედრო კონფლიქტის საფრთხე არის და ის რუსეთისგან მომდინარეობს, რომელსაც შეიარაღებული ძალები ჰყავს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.
ანუ, თქვენ ჩვენ აგრესიულობაში გვადანაშაულებთ, გვეუბნება ნატო, არადა ჩვენ სინამდვილეში დემოკრატია მოგვაქვს. თქვენ, რუსები კი ხელს გვიშლით მის აღმოსავლეთით გატანაში.
ამასთან მხარეები თითქოს შეთანხმდნენ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე: ხომ არსებობს კიდევ შეიარაღების განთავსებისა და შემოწმების საკითხები, რომლებზე მსჯელობაც უსასრულოდ შეიძლება.
ამ მსჯელობებს დიდი აზრი არ აქვს, მით უმეტეს, მთავარი საკითხის გადაუჭრელობის ფონზე. უსაფრთხოების გარანტიებზე მტკიცე „არა“ გვაქვს მიღებული, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდება ამ დღეებში ვაშინგტონის ოფიციალური პასუხით.
მაშ, რისთვის იყო საჭირო ეს ყოველივე? და, საერთოდ, რა იყო ეს?
რატომ წამოიწყო მოსკოვმა მთელი ეს ისტორია „გარანტიები გვჭირდება, თანაც დაუყოვნებლივ“? ამ კითხვაზე პასუხზე თავებს იმტვრევენ, თუმცა ის ზედაპირზეა.
ერთი თვის წინ ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ დააყენა საკითხი არა იმიტომ, რომ შტატებისგან რამე დათმობების მიღების იმედი ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ გლობალური დღის წესრიგის გარდაქმნის ახალი თავის გადაფურცვლის დრო დადგა.
დასავლეთი რამდენიმე თვის განმავლობაში ეწეოდა ისტერიას უკრაინაზე რუსეთის მალე თავდასხმის შესახებ და წლის ბოლოსთვის პრაქტიკულად დაარწმუნა ამაში საკუთარი თავი. ამასთან, კიევის ნატოში მიღებას (ანუ კონკრეტული თარიღის დადგენას) არავინ აპირებდა: მოსკოვის ასე აშკარად პროვოცირება მაინც სახიფათოა, ეს ატლანტიკელ სტრატეგოსებს ესმით. თუმცა ისიც გაცნობიერებული აქვთ, რომ უკრაინაზე კონტროლის უსასრულოდ დიდხანს შენარჩუნება არ გამოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება რუსეთზე ზეწოლისთვის, მისი შეკავებისთვის სულ უფრო რთული იქნება.
უკრაინა მეტად ფასეული აქტივია იმისთვის, რომ მისი დაკარგვის გარდაუვალობას შეეგუო. ამიტომ საჭიროა შეეცადო, მაქსიმალურად გადასწიო ეს დრო, დაარწმუნო კრემლი იმაში, რომ დასავლეთი ასე უბრალოდ არ მისცემს მას უკრაინას. როგორ უნდა დაარწმუნოს? ფსონების მაქსიმალურად აწევით, „რუსული შეჭრის საფრთხის“ შესახებ სიტუაციის დაძაბვითა და „მისთვის საშინელი ფასის“ მუქარით.
და სწორედ აქ პუტინმა ინიციატივა იგდო ხელთ: მან შემხვედრი სვლა გააკეთა, განაცხადა რა, რომ ეს რუსეთს არ აქვს მეტი დრო, ითმინოს დასავლეთის მიწოლა აღმოსავლეთით. ეს ჩვენ არ გვსურს ლოდინი, ეს ჩენ არ გვაწყობს სტატუს-კვო — ჩვენთვის წამგებად მიგვაჩნია უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა და არ შევეგუებით.
პუტინის წინადადება დასავლეთისთვის კიევის დატოვების შესახებ იმთავითვე მიუღებელი იყო, მაგრამ ეს ახალი რეალობის, თამაშის ახალი წესების გაჩენას ნიშნავს. ახლა უკვე დასავლეთი კი არ ითხოვს, რომ რუსეთმა უკრაინას არ შეუტიოს, არამედ მოსკოვი უცხადებს დასავლეთს თამაშს თავისი წესებით დასასრულად.
თქვენ ისე უგულებელყოფთ ჩვენს ინტერესებს, რომ ნატოს დახმარებით დემოკრატიის ხელშეწყობაზე გვეუბნებით? პირდაპირ ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე? ანუ ისევ ღვთისმოშიში ქრისტიანების ჯვაროსნული ლაშქრობა საშინელი სქიზმატიკოსების წინააღმდეგ – ათასი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.
მაშინ ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი პასუხი, ჩვენ ნამდვილად გავაკეთებთ ყველაფერს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არა, ხვალ კიევს არ შევუტევთ (ეს ყველა რუსოფობის ოცნებაა, დაიწყოს სამოქალაქო ომი ველიკოროსებსა და მალოროსებს შორის), მაგრამ შეკავების პოლიტიკას კონტრშეკავება დაუპირისპირდება, სიმეტრიული და ასიმეტრიული, პოსტსაბჭოთა სივრცესა და მთლიანად მსოფლიოში.
ფაქტობრივად, ბოლო წლების პოლიტიკით, ახალი მსოფლიო წესრიგის საკითხებზე მუშაობით ჩვენ უკვე ვპასუხობთ, ოღონდ ამჯერად პუტინის შეთავაზებაზე დასავლეთის უარის შემდეგ, ჩვენ ამას სხვა გეოპოლიტიკურ რეალობაში გავაკეთებთ, ახალი მსოფლიო წესრიგის კოორდინატთა სისტემაში.
და არა მარტო ჩვენ, დასავლეთიც იძულებული იქნება, რუსეთთან ურთიერთობები ახალი წესებით ააგოს. და არა მარტო რუსეთთან: ერთი კვირის შემდეგ მოსკოვში ირანის ახალი პრეზიდენტი ჩამოფრინდება, სამი კვირის შემდეგ კი ვლადიმირ პუტინი პეკინში გაემგზავრება. ოლიმპიადის გახსნაზე — და უსაფრთხოების არქიტექტურის ახალი ეტაპის მშენებლობაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს