ირინა ალქსნისი
რუსეთის მოლაპარაკებები აშშ-თან და ნატოსთან უსაფრთხოების გარანტიებსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით არგაფართოებაზე ისე დამთავრდა, როგორც უნდა დამთავრებულიყო. არაფრით.
მოვლენების განვითარების ვერანაირი სხვა ვარიანტი ამ შემთხვევაში უბრალოდ ვერ იქნებოდა. დასავლეთი ვერავითარ შემთხვევაში ვერ დათანხმდებოდა მოსკოვის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს — როგორც მათი არსის, ისე ფორმის გამო, რომელიც იყო მტკიცე და უკიდურესად მკვეთრი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წარმომადგენლები უარყოფენ, არსით ის სწორედაც რომ ულტიმატუმი იყო.
სწორედ ამაში იმალება კიდეც მომხდარის მთავარი ინტრიგა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს აიძულებს, აზარტულად და ნერვიულად ააგონ ვარაუდები მოსკოვის დემარშის მიზეზებზე და მთავარი — მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.
რუსეთის მიერ წამოყენებული წინადადება მთლიანად ეწინააღმდეგება მის მრავალწლიან საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიას, რომელიც განუხრელად იცავდა თავშეკავების, კომპრომისისთვის მზადყოფნისა და ხმამაღალი დრამატული განცხადებებისთვის თავის არიდების პრინციპებს. ამ უკანასკნელის უკან თანამედროვე „დერჟავები“ ძალიან ხშირად სიცარიელეს მალავენ.
სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში რუსეთის დიდი გეოპოლიტიკური გამარჯვებების შემდეგაც კი, ბევრი ძალა — როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, რუსეთის საგარეო პოლიტიკას, რომელიც განუხრელად ითხოვს „ბიჭებო, მოდით მეგობრულად ვიცხოვროთ“, სისუსტედ აღიქვამს.
ახლა კი საპირისპირო ხდება: თავისი სიხისტით უპრეცედენტო რიტორიკა — როგორც სათქმელის არსით, ისე მისი ფორმულირებით.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს, პირველ რიგში, თავად რუსეთისთვისაა გამოწვევა.
თუმცა უკიდურესად უადგილოა ფიქრი იმაზე, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, რომელმაც ორ ათწლეულში ამოათრია ქვეყანა ეროვნული კატასტროფის მდგომარეობიდან და მას დიდი „დერჟავის“ სტატუსიც დაუბრუნდა, ვერ აცნობიერებს ამას. ე.ი. მოსკოვის ყველა განცხადების მიღმა, რომელიც მრავალწლიანი „შენიღბვით-თავდაცვითი“ რეჟიმიდან კონტრშეტევაზე გადავიდა, აბსოლუტურად რეალური შევსება დგას.
და რამდენადაც საუბარი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებზე მიდის, მათ, ვისაც მომხდარი ცვლილების მასშტაბები ესმით, ჟრუანტელი უვლით იმის გაგების მცდელობისას, როგორ, სად და როდის დაიწყებს რუსეთი დასავლეთის იძულებას, შეასრულოს მისი მოთხოვნები.
არადა, უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ სწორედ ამას უნდა ველოდეთ.
ღონისძიების ბოლოს რუსული მხარის კომენტარებში ფაქტობრივად ეს პირდაპირ არის ნათქვამი. თუნდაც მინისტრის მოადგილის ალექსანდრ გრუშკოს განცხადება რად ღირს იმის შესახებ, რომ „თუ საფრთხეების პოლიტიკური ზომებით არიდება ვერ მოხერხდება, რუსეთი სამხედროებს გამოიყენებს“.
ამასთან, ის, რაც ხდება, სრულიად კანონზომიერია. მსოფლიო გრანდიოზული სისტემური ტრანსფორმაციის პროცესშია, რომლის დროსაც შეერთებული შტატები და დასავლეთი წამყვან პოზიციებს კარგავენ, ხოლო ერთპოლარულ მოდელს ახალი, მრავალპოლარული მოდელი ცვლის. მაგრამ ეს პროცესი არა მხოლოდ ტიტანურია, არამედ ძალიან საშიშიც — სისულელეა ვიფიქროთ, რომ გლობალური ჰეგემონი, რომელიც ძალებს კი კარგავს, მაგრამ მაინც უკიდურესად მძლავრია, უბრძოლველად დათმობს თავის სტატუსს და ფართო პრივილეგიებს.
ფაქტობრივად, ბოლო წლების განმავლობაში საგარეო პოლიტიკური დაძაბულობის მუდმივი ზრდა, დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების მუდმივი ესკალაცია (ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთსა და შტატებს) სწორედაც რომ მოწმობს, ერთი მხრივ, პროცესის გაძლიერებას, მეორე მხრივ, დასავლეთის მზარდ წინააღმდეგობას.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისტორიულად მსგავს კრიზისებს კაცობრიობა უმარტივესი და ამავდროულად ყველაზე ბრუტალური გზით — ომებით ჭრიდა. უფრო მეტიც, გასულ საუკუნეში სწორედ რუსეთმა და საბჭოთა კავშირმა იტვირთეს ძირითადი სიმძიმე და უდიდესი ზარალი განიცადეს ორი მსოფლიო ომის დროს, რომლებიც თავისი არსით სწორედაც რომ გლობალური სისტემის ახალ საფუძვლებზე გარდაქმნა იყო.
გასაგებია ამჟამინდელი სახელმწიფო ხელმძღვანელობის სურვილი, რომ თავიდან აიცილოს მე-20 საუკუნის გამოცდილების გამეორება, მაგრამ, ამავე დროს, მიაღწიოს რუსეთისთვის ყველაზე ხელსაყრელ პირობებს მომავალ სისტემაში, რომლის საფუძვლები და კონტურები ახლა ყალიბდება. ამავდროულად უსარგებლოა მცდელობა, თავი აარიდოს მონაწილეობას იმაში, რაც ხდება: რუსეთი ძალიან გემრიელი ნაჭერია, რომლის გადაყლაპვას ისინი ყოველთვის შეეცდებიან.
წინა წლებში რუსეთში სახელმწიფოს აქტიური მომზადების პროცესები შეინიშნებოდა გლობალური ტრანსფორმაციის გარდაუვალი და ურთულესი პერიოდისთვის: იმპორტის ჩანაცვლება, სურსათის, ტექნოლოგიური და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეყნის ძირითადი ცხოვრების სისტემების ავტონომიის უზრუნველყოფა, უახლესი შეიარაღების შემუშავება — რომელმაც რუსეთის მიმართ აგრესიული ჩანაფიქრები უნდა მოიგერიოს.
ნატოს წინაშე წამოჭრილი წინადადება–მოთხოვნები ასევე არის ღია განცხადება, რომ რუსეთი მზადაა.
მზადაა მოახლოებული გეოპოლიტიკური ქარიშხლისთვის, რომელიც ძალიან მალე დაფარავს პლანეტას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს