თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ყაზახეთში ვითარების დეესკალაციისთვის უახლოეს დღეებში ყველა ზომა იქნება მიღებული.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თბილისი ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს.
„ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რაც ყაზახეთში განვითარდა და რომლის შედეგადაც დაიღუპა ათობით ადამიანი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული უმოკლეს ვადებში ვითარების საბოლოო დეესკალაციის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის მიზნით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ორშაბათს.
პრემიერმა ყაზახეთს განვითარების გაგრძელება უსურვა.
„გვსურს, რომ ქვეყანამ ძალიან მალე შეძლოს კრიზის შედეგების დაძლევა. ვუსურვებთ სვლის გაგრძელებას შემდგომი განვითარების მიმართულებით ჩვენ მოძმე ყაზახეთს და ყაზახ ხალხს“, – აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება ყაზახეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა შეძლებისდაგვარად ხაზზე იყო მათთან და უწევდა შესაბამის დახმარებას ადგილზე.
„მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად მათი ნაწილი დაბრუნდა საქართველოში. საქართველოს იმ მოქალაქეებთან, ვინც რჩება ადგილზე, საელჩო აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში უწევს დახმარებას. მათი საქართველოში დაბრუნება უახლოეს დღეებში მოხდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასობრივი გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო, როდესაც ქალაქების ჟანაოზენისა და აქტაუს მოსახლეობამ თხევად გაზზე ფასების გაორმაგება გააპროტესტა. მოგვიანებით უკმაყოფილება სხვა ქალაქებსაც მოედო, მათ შორის, ქვეყნის უდიდეს ქალაქსა და ძველ დედაქალაქ ალმათის. დაიწყო მაროდიორობა, თავდასხმები სახელმწიფო დაწესებულებებზე, იარაღის დატაცება.
პასუხად ხელისუფლებამ 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მთელი ქვეყნის მასშტაბით და კონტრტერორისტული ოპერაცია წამოიწყო. გაეროს მონაცემებით, ყაზახეთში პროტესტების დროს დაშავდა დაახლოებით ათასი ადამიანი. რესპუბლიკის შსს-ს დადასტურებული მონაცემებით, დაღუპულია ძალოვანი უწყებების 17 წევრი.
ქვეყანაში რამდენიმე დღე შეფერხებით მუშაობდა ინტერნეტი და ტელევიზიები, შეწყდა ავიამიმოსვლა.
5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭოს პირველ სხდომაზე ტოკაევმა ყაზახეთში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს მთლიანობის ხელყოფად შეაფასა და „ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა. ორგანიზაციის საბჭომ მალევე მიიღო გადაწყვეტილება და ყაზახეთში გაგზავნა კოლექტიური სამშვიდობო ძალები — ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის.
7 იანვარს ტოკაევმა განაცხადა, რომ ტერორისტები, მათ შორის უცხოეთიდან ჩასულები, წინააღმდეგობას განაგრძობდნენ და ძალოვნებს ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნა უბრძანა. ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი ფორმით გამოხატული ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია.