თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების ყაზახეთიდან სამშობლოში დაბრუნების საკითხზე.
საგარეო უწყების ცნობით, ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა იმ თანამემამულესთან, ვისთანაც ვითარების გართულების დღიდან ჰქონდა კომუნიკაცია და პერიოდულად ამოწმებს მათ მდგომარეობას.
საელჩოში ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.
უწყების ცნობით, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები „ცხელ ხაზზე“ დაკავშირებას ვერ მოახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.
მასობრივი პროტესტი ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ნავთობის მწარმოებელი მანგისტაუს რეგიონის ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მოსახლეობამ თხევადი გაზის ფასების ორჯერ გაზრდა გააპროტესტა.
4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო. ალმათიში 4, 5 და 6 იანვარს დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებები მოხდა, პოლიციამ გამოიყენა გაზი და ხმოვანი ყუმბარები. იყო სროლებიც, არიან დაღუპულები.
5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) დახმარება სთხოვა „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.
ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.